ახალი ამბები

ეს არის მაგალითი – წულუკიანი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებზე

5 თებერვალი, 2019 •
ეს არის მაგალითი – წულუკიანი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულებზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ისურვებდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაკავებები სხვებისათვის მაგალითი იყოს.

“პირველი არხის” გადაცემაში “კვირის ინტერვიუ” საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ “ყველას ევალება, იცოდეს კანონი, რადგან ეს არის სამართლის ზოგადი პრინციპი”.

“რაც ზედმეტად მკაცრი მოეჩვენათ ჩვენი საზოგადოების წევრებს, მათ შორის ქალბატონმა ეკამაც თქვა, რომ გოგოები ნახა ბრალდებულის სკამზე… ის, მომეჩვენა, რომ იყო ემოციურად შეძრული ამ სურათით.

მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ამ გოგოებისთვისაც, ეს არის მაგალითი. მე მათ ვუსურვებ, რომ საკუთარი სიმართლე შეძლონ და დაამტკიცონ სასამართლოს წინაშე და თუ სასჯელი დადგება, ეს სასჯელი იყოს ჰუმანურიც და ადეკვატურიც. წინასწარ ხომ არ ვიცით: გამოძიება ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, არის დანაშაული. იქნებ მოსამართლემ გაამართლოს…

მაგრამ, კარგი იქნება, თუ ეს საქმე და ასეთი საქმეები სხვებისთვის იქნება მაგალითი იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის დასჯადი. ვინც ქმნის ამ ჩანაწერს, ისინი იხდიან სასჯელს, არაერთი მათგანი, მაგრამ გავრცელება დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში ასევე არის დასჯადი”, – თქვა მან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 პირი დააკავეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე.

შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში ავრცლებდნენ ჩანაწერს.

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში ერთმანეთს უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.

შსს-ს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა დაკავებული ის, ვინც პირველად გაავრცელა ჩანაწერი.

საქართველოში პირადი ცხოვრების ამასხველი ინფორმაციის ხელყოფის საკითხს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი არეგულირებს.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე განმარტავს, ამ კანონის მიხედვით ისჯება არა მხოლოდ ის, ვინც აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა, არამედ ისიც, ვინც ეს მასალა თუნდაც ერთ ადამიანს სოციალურ ქსელში ან სხვა გზით გაუზიარა.

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება დასჯადია

მასალების გადაბეჭდვის წესი