ახალი ამბებისაზოგადოება

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება დასჯადია

31 იანვარი, 2019 • 7326
სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება დასჯადია

საქართველოში პირადი ცხოვრების ამასხველი ინფორმაციის ხელყოფის საკითხს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი არეგულირებს.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე განმარტავს, ამ კანონის მიხედვით ისჯება არა მხოლოდ ის, ვინც აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა, არამედ ისიც, ვინც ეს მასალა თუნდაც ერთ ადამიანს სოციალურ ქსელში ან სხვა გზით გაუზიარა:

“სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი კრძალავს არა მარტო  პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის მოპოვებას ან პერსონალური მონაცემის გავრცლეებას, არამედ ამ მუხლის მეორე პუნქტში ძალიან საინტერესო ჩანაწერი არსბეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ გზით გავრცელებული მონაცემის გავრცელება ინტერნეტით, მათ შორის სოციალურ ქსელით, ისჯება.

ანუ, თუკი გავრცელდა რაიმე ინფორმაცია და ადამიანები საჯაროდ ავრცელებენ მას, ან ჩატში თუნდაც ერთ ადამიანს უზიარებენ, ეს ქმედება ჯდება ამ მუხლში და დასჯადია 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აქედან გამომდინარე, მუხლი სჯის არა მარტო შექმნას, არამედ თუნდაც ერთი ადამინისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, თუნდაც ამ ინფორმაციის გამავრცელებელი არ იყოს მისი პირველწყარო “, – ამბობს იურისტი.

მუხლი 157

 მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა, ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იურისტის განმარტებით, ამ კანონის მიხედვით, ადამიანი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ სამართალდაცავ ორგანოებს წარუდგენს ამ ჩანაწერს ან ინფორმაციას.

რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უგზავნიდნენ. თავდაპირველად აღნიშნული კადრების გავრცელება სხვადასხვა ჩატებით პირად მიმოწერებში ხდებოდა, თუმცა დღეს, 31 იანვარს “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებლის კედელზე საჯაროდაც აიტვირთა. ვიდეო ამ დროისთვის წაშლილია.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვიდეოს გამოჩენის შემდეგ ისინი სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფს დაუკავშირდნენ, რის შედეგადაც კადრები “ფესბუკიდან” წაიშალა.

უწებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სსსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი