ახალი ამბები

ოპოზიცია ფარული კადრების საქმეზე გენპროკურორის და სუს-ის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს

4 თებერვალი, 2019 • 1099
ოპოზიცია ფარული კადრების საქმეზე გენპროკურორის და სუს-ის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას წინადადებით მიმართავს, ფარული ჩანაწერების საქმეზე გენერალურ პროკურორს და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინონ პარლამენტში, იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტით, შესაძლებელი აღარ არის მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფრაქციის ფორმატში პარლამენტში დაბარება, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კონსულტაციები გამართოს.

“უახლოეს წარსულში სხვადასხვა პოლიტიკოსები გახდნენ ფარული კადრების გავრცელების და შანტაჟის მსხვერპლნი. გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დავიბაროთ და დავსვათ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ არ გამოვლენილა არც შემკვეთი და არც შემსრულებელი წინა შემთხვევებში და მესამე და მეხუთე რიგის გამავრცელებლები რა ნიშნით შეირჩა”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, გამოძიების მიმდინარეობისას საპარლამენტო ფორმატის გამოყენების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

“გეთანხმებით, რომ არ არის საკმარისი გამავრცელებლების დაკავება. მთავარია, რომ ამ ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც, სავარაუდოდ, უნდა იყოს  პოლიტიკური  სტატუსის მქონე. შესაბამისად, მთავარი ამოცანა არის დამკვეთი წყაროს გამოვლენა. პირდაპირი გაგებით ყოველდღიური კავშირი შს მინისტრთან, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული. შეგვიძლია, სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატიც გამოვიყენოთ, რომ უფრო მეტად ჩავიხედოთ ამ საკითხში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში ერთმანეთს უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი ფეისბუკის მომხმარებლის გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 17 ადამიანი გუშინ, პირველ თებერვალს დააკავა. შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში ავრცლებდნენ ჩანაწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი