ახალი ამბები

ვენესუელა: მადურო სამოქალაქო ომს არ გამორიცხავს და ტრამპს ემუქრება

4 თებერვალი, 2019 • 1558
ვენესუელა: მადურო სამოქალაქო ომს არ გამორიცხავს და ტრამპს ემუქრება

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ არ გამორიცხავს სამოქალაქო ომს, თუკი მასზე ზეწოლა გაგრძელდება, და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ემუქრება.

BBC-ის თანახმად, სატელევიზიო ინტერვიუში მადურომ თქვა, რომ თუკი აშშ ვენესუელის კრიზისში ჩაერევა, თეთრი სახლი “სისხლით შეიღებება”.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამოქალაქო ომი, მადურომ უპასუხა: “დღეს ვერავინ უპასუხებს მაგ კითხვას გადაჭრით. ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოეთით არსებული იმპერიის [აშშ-ის] და მისი დასავლელი მოკავშირეების სიგიჟისა და აგრესიულობის დონეზე”.

“ვითხოვთ, ნურავინ ჩაერევა ჩვენს საშინაო საქმეებში… და ვემზადებით ქვეყნის დასაცავად”, თქვა მადურომ, რომელსაც არმიის მხარდაჭერა აქვს.

BBC-ის თანახმადვე, ტრამპმა ტელეკომპანია CBS-ს უთხრა, რომ მადუროს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება “ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება”. მადურო ტრამპს აფრთხილებს, რომ თუ აშშ ჩაერევა, “მეორე ვიეტნამს” მიიღებს.

ქვეყანაში მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები 23 იანვარს დაიწყო. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, იმავე დღეს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს ლეგიტიმაცია ცნო და იგი “გარდამავალ პრეზიდენტად” აღიარა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. აშშ-ს მიჰყვნენ კანადა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები, მოგვიანებით- ევროკავშირიც.

გუაიდომ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ჩამოაყალიბებდა საერთაშორისო კოალიციას, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს ვენესუელელ ხალხს; მადურო მას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს კი, რომლის შედეგადაც ის ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

გუაიდოს ლეგიტიმურად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო საქართველომაც; საპასუხოდ ვენესუელის დროებითმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს.

მადუროს მხარს უჭერენ რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი.

საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებზე უარს ამბობს და ამის ნაცვლად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამ დროისთვის ეროვნულ ასამბლეას მადუროს ოპოზიცია აკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი