საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვენესუელის თემა ახლა საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან პოულარულია, თუმცა საქართველომ მადუროს რეჟიმის ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ 2018 წელს არ სცნო, როდესაც ვენესუელის არჩევნების შედეგები არ აღიარა.
ამის შესახებ ბახტაძემ ფეისბუკზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში ძალიან პრინციპულია.
“ჩვენ ჯერ კიდევ შარშან არ ვაღიარეთ ვენესუელის არჩევნების შედეგები… შესაბამისად ჩვენ ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ძალიან პოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით ამის შესახებ ძალიან პრინციპულად. ბუნებრივია მას შემდეგ რაც ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა მიიღეს პრინციპული გადაწყვეტიულება [გუაიდოს აღიარების შესახებ] ჩვენც დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია”, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, მადუროს რეჟიმი წლებია ხელისუფლების უზურპაციას ახდენს, რაც მოსახლეობის ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. მან ასევე გაიხსენა ვენესუელის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების ფაქტი, რაც პრემიერის შეფასებით საერთაშორისო სამართლიდან გასვლას ნიშნავს.
ბახტაძე იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელაში პოლიტიკური პროცესები დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება.