რუსეთის მოქალაქის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების დაღვრის ფაქტი, რომელსაც 2018 წლის 2 ივლისს ჰქონდა ადგილი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის (DNI) ოფისის ანგარიშში მოხვდა.
DNI-ის მიერ მსოფლიოში საფრთხეების შეფასების დოკუმენტში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ჩინეთზე და რუსეთზე, საუბარია რა ამ ორ ქვეყნის კონკურენციაზე შეერთებულ შტატებთან და მის პარტნიორებთან. აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი ისწაფვიან, გავლენა მოახდინონ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე მსოფლიოს ყველა რეგიონში. დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არის – შემაშფოთებელ ტენდენციებს შორის განიხილება მტრული აქტორების ძალისხმევა ინტერნეტ-სივრცეში, რაც არჩევნებში ჩარევას ისახავს მიზნად და ქიმიური იარაღის გამოყენება საზღვრებს გარეთ. გამოწვევებს შორის რჩება ტერორიზმი. აშშ გლობალურ გამოწვევებს შორის ასახელებს კიბერსუსაფრთხოებას, ჩინეთს, რუსეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას.
დოკუმენტში ცალკე თავი აქვს დათმობილი მასობრივი განადგურებისა და პროლიფერაციის იარაღებს. სწორედ აღნიშნულ თავში, 2013 წლიდან განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებს შორის, ისეთ ფაქტებთან ერთად, როგორიცაა სკრიპალებზე თავდასხმა სოლსბერიში/დიდი ბრიტანეთი, ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის კიმ ჩენ ნამის მოწამვლა კუალა-ლუმპურში, მოხვდა თბილისის აეროპორტის შემთხვევა.
შემთხვევა გასული წლის ზაფხულში მოხდა. საქართველოს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელმაც გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.
ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შესახებ თავდაპირველად Droni.ge-მ გაავრცელა.