გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ პროფესიით გარემოსდამცველი მინისტრი სრულად ვერ უმკლავდებოდა არსებულ გამოწვევებს, ხოლო ტექნიკური პროფესიის მინისტრი, მისი ვარაუდით, უფრო არ დაიცავს გარემოს, რადგან მისი მიზანი ეკონომიკური სარგებელი იქნება:
“ბუნებრივია, რომ ტექნოკრატის მოყვანა გარემოს დაცვის სამინისტროში დაკავშირებულია რაღაც პროექტებთან, რომლებიც ვერ ხორციელდებოდა, როცა ხათუნა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის სამინისტროს და უნდა განხორციელდეს ახალი ხელმძღვანლის მიერ. ეს, ალბათ, დაკავშირებულია დიდ პროექტებთან, მათ შორის ხუდონჰესთან, თუმცა არის სხვა ძალიან სერიოზული საკითხები, როგორიცაა “ჯორჯიან მანგანეზი”, ჭიათურაში ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. პროფესიით გარემოს დამცველი მინისტრი ვერ უმკლავდებოდა პრობლემებს სრულად და ტექნოკრატი როგორ გააკეთებს ამას? ანალოგიური პრობლემებია ბოლნისში. კომპანია ანადგურებს იქაურობას. ეკონომიკური ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე გარემოსდაცვითი ინტერესი და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ტექნოკრატი მინისტრი, რომლის ცნობიერება აგებულია იმაზე, რომ ეკონომიკას შეუწყოს ხელი და არა გარემოს და ადამიანებს, როგორ მოაგვარებს პრობლემებს?”
კითხვაზე, ამ მოსაზრების გათვალისწინებით, აპირებს თუ არა ის მხარი დაუჭიროს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, დეპუტატი პასუხობს:
“მე კომიტეტის სხდომაზე თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აქ საქმე ცალკეულ მინისტრში არ არის, ნდობას მთლიანად მთავრობას უცხადებს პარლამენტი, რაც მე ვფიქრობ – არასწორია. ცალ–ცალკე უნდა იყოს კენჭიყრა ყველა მინისტრის. შევხვდებით პრემიერ–მინისტრსაც, დავუსვამ კითხვებს და იმის მხიედვით გადავწყვეტ, მხარს დავუჭერ, არ დავუჭერ, თუ თავს შევიკავებ კენჭიყრისგან.

ახალი მინისტრი ვერ ერკვევა, ურთულესი სფეროა გარემოსდაცვა. ასოცირების ხელშეკრულებაში ერთ–ერთი ძირითადი ნაწილია გარემოსდაცვა. დავაკვირდები რა საკადრო პოლიტიკას გაატარებს მინისტრი, იმედი მაქვს, რომ პროფესიონალებს შემოიკრებს.”
