ახალი ამბები

ბოკუჩავა: სუს-მა ჩვენს მხარდამჭერებს გაუგზავნა ეს კადრები, რადგან ვინმე უნდა დაესაჯათ

1 თებერვალი, 2019 •
ბოკუჩავა: სუს-მა ჩვენს მხარდამჭერებს გაუგზავნა ეს კადრები, რადგან ვინმე უნდა დაესაჯათ

“ერთიანი ნაციონაური მოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ენმ-ის მხარდამჭერებს აღნიშნული კადრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიზანმიმართულად გაუგზავნა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ამის მიზანი ბრალის  გადატანა იყო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე”:

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე.

სუს-მა ვირუსულად, შემდგომ, ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით, გაუგზავნა ეს კადრები სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, რომ ვინმე უნდა დაესაჯათ. მაგრამ, ცხადია, ისინი ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაკვეთა გააკეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მმართველი, ბიძინა ივანიშვილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს გადააქვს ისრები სხვაზე და ეს სხვა არის ყოველთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,“ – აცხადებს ბოკუჩავა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს კადრები თავდაპირველად გაავრცელა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ მათი პარტიის ორი წევრი დააკავეს, სავარაუდოდ, ფარული კადრების საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ენმ-ის წევრი, ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ამბობს, ორი ადამიანი პოლიციამ, სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანა.

მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე 16 პირია დაკავებული.

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება დასჯადია

მასალების გადაბეჭდვის წესი