ახალი ამბები

პარტიის ცნობით, ფარული კადრების საქმეზე “ნაციონალური მოძრაობის” 2 წევრი დააკავეს

1 თებერვალი, 2019 •
პარტიის ცნობით, ფარული კადრების საქმეზე “ნაციონალური მოძრაობის” 2 წევრი დააკავეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ მათი პარტიის ორი წევრი დააკავეს, სავარაუდოდ, ფარული კადრების საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ნეტგაზეთთან საუბარში ენმ-ის წევრი, ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე ამბობს, ორი ადამიანი პოლიციამ, სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს ინფორმაციის გადასამოწმებლად. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ქამადაძემ, რომელიც პარტიის წევრებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან, ნეტგაზეთს უთხრა, რომ 31 იანვარს ენმ-ის “ბევრ აქტივისტს მიუვიდა პირადი შეტყობინების სახით, სავარაუდოდ, ფარული კადრები”. მისი თქმით, ეს კადრები აქტივისტებს მასობრივად ეგზავნებოდათ.

როგორც ქამადაძემ ნეტგაზეთს უთხრა, კადრები ენმ-ის აქტივისტებს არა ბმულის (ლინკის) სახით, არამედ პირდაპირ, ვიდეოფაილად ეგზავნებოდათ პირად შეტყობინებებში. ამის შემდეგ, მისი თქმით, ენმ-ის 5 წევრი გადაიყვანეს პოლიციაში დაკითხვაზე, სამი მათგანი გამოუშვეს, ორი ქალი კი მანქანით გადაიყვანეს, სავარაუდოდ, თბილისში.

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება დასჯადია

მასალების გადაბეჭდვის წესი