საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ზაზა გაბუნიას ეჭვი ეპარება, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მართლაც გავრცელდა.
როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, ამ დრომდე “ვერ ნახეს ადამიანი, რომელმაც ეს კადრები ნახა”:
„შორს მიმავალი დასკვნები ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ბრძოლის ხერხი ან ინსტრუმენტი ვინმეს ხელში, ბუნებრივია, მე ასე ამ საკითხს არ განვიხილავ, მაგრამ თავისთავად ის, რომ ჩნდება სოციალურ ქსელში ან ჩნდება თუ არა, ესეც დასადასტურებელია იმიტომ, რომ საუბარი მიდის დღეების განმავლობაში, თუმცა ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელმაც ეს ნახა. არ გვინახავს ეს ვიდეო, თუმცა თავისთავად ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს, ვიღაცის ტვინში გაჩნდა აზრი, რომ ეს შეიძლება იყოს მადისკრედიტირებელი პოლიტიკოსის, ბუნებრივია, ეს უპირობოდ იმსახურებს დაგმობას“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს უგზავნიდნენ ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. თავდაპირველად აღნიშნული კადრების გავრცელება სხვადასხვა ჩატებით პირად მიმოწერებში ხდებოდა, თუმცა დღეს, 31 იანვარს “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებლის კედელზე საჯაროდაც აიტვირთა. ვიდეო ამ დროისთვის წაშლილია.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვიდეოს გამოჩენის შემდეგ ისინი სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფს დაუკავშირდნენ, რის შედეგადაც კადრები “ფესბუკიდან” წაიშალა.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სსსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.