ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის ტრანპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 28 იანვარს ჰენრიკ ჰოლოლეისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა სს „საქართველოს რკინიგზის“ და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროპა – აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და მასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები.
„მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და ის მიმდინარე პროექტები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ამჟამად ახორციელებს. ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სარკინიგზო სექტორში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსზე, “ – განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სს „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები:
[checklist]
- თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია;
- მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთზე გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები;
- საკონტრეილერო გადაზიდვების უზრუნველყოფა;
- მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანის სახელმწიფო რეგულირება;
- სიგნალიზაცია-ცენტრალიზაცია-ბლოკირების ახალი სისტემების დანერგვა;
[/checklist]
ხვალ, ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი – საქართველოს მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომაა დაგეგმილი. ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში 30 იანვარს დასრულდება.