ახალი ამბები

“9 თვის წინ გავაფრთხილეთ” – ყაზტრანსგაზი CO-ს დაგროვებაზე

31 იანვარი, 2019 • 2206
“9 თვის წინ გავაფრთხილეთ” – ყაზტრანსგაზი CO-ს დაგროვებაზე

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე სახლის მობინადრეები, სადაც, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 2018 წლის მარტში გააფრთხილეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მაშინ ამ დანადგარის ჩახსნა მოხდა, შემდეგ კი მობინადრეებმა თვითნებურად მიაერთეს ის.

კომპანიაში არ ამბობენ, ზუსტად ვისი გაფრთხილება მოხდა. ყაზტრანსგაზ თბილისში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დანადგარზე გაფრთხილება მისცეს იმ ადამიანს/ადამიანებს, ვინც შემოწმების დროს სახლში იმყოფებოდა.

გაზის მიმწოდებელი კომპანიის ცნობით, შემოწმება მხოლოდ გეგმურად ხდება. ამასთან, მოქალაქეები კომპანიის წარმომადგენლებს ხშირად კარს არ უღებენ. “ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს”.

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შიანგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარდაცვლილთა ვინაობის დადგენა. უწყების ცნობითვე, მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.

ბოლო სამ წელიწადში — 2016, 2017 და 2018 წლებში- თბილისში გამათბობლების არასწორად დამონტაჟების გამო მხუთავი აირით, ნახშირჟანგით (CO-თი), 86 ადამიანი დაიღუპა და 286 მოიწამლა.

2019 წელს კი, ამ დრომდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი