ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში მდებარე ეკლესიამ, რომელიც მიგრანტების დეპორტაციისაგან გადასარჩენად 2 327 საათის მანძილზე უწყვეტ რელიგიურ რიტუალს ატარებდა, განაცხადა, რომ მიზანს მიაღწია.
ტამრაზიანების ოჯახმა, წარმოშობით სომხეთიდან, რომელშიც სამი ბავშვი ცხოვრობს, ნიდერლანდებში თავშესაფარზე უარი მიიღო, რის გამოც დეპორტაცია ემუქრებოდა. თუმცა, CNN-ს ცნობით, ქვეყნის მთავრობა, ბოლო გადაწყვეტილებით, ამ ოჯახსა და თავშესაფრის სხვა მაძიებლებს ქვეყანაში უფრო ხანგრძლივად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს.
კერძოდ, გადაწყვეტილების თანახმად, ოფიციალურ პირებს საშუალება ეძლევათ, თავიდან განიხილონ თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილის აპლიკაციები, რომლებიც უკვე შესულები არიან ქვეყანაში. ეს ჯგუფი მოიცავს 700 ბავშვს, რომლებიც ნიდერლანდებში გაიზარდნენ. მათ შორის არიან ტამრაზიანები.
26 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ, ოჯახი ქალაქ ჰააგის ბეთელის ეკლესიაში ცხოვრობდა. ჰოლანდიის კანონმდებლობით, პოლიციას უფლება არ აქვს, ეკლესიაში შევიდეს, როდესაც იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ოჯახის დეპორტაციისაგან გადასარჩენად, 3 თვის მანძილზე, 24 საათის განმავლობაში,ბეთელში უწყვეტი ლოცვა მიმდინარეობდა. ჯამში, პროცესში მონაწილეობა 1000-მა ადამიანმა მიიღო.