ახალი ამბები

ეკლესია ჰააგაში 800 საათია რიტუალებს არ წყვეტს სომეხი მიგრანტების დეპორტაციისგან გადასარჩენად

30 ნოემბერი, 2018 • 6004
ეკლესია ჰააგაში 800 საათია რიტუალებს არ წყვეტს სომეხი მიგრანტების დეპორტაციისგან გადასარჩენად

ჰოლანდიის ბეთელის ეკლესია რელიგიურ რიტუალებს უწყვეტ რეჟიმში ატარებს იმისათვის, რომ ოჯახი სომხეთიდან, რომელსაც ქვეყანაში თავშესაფარზე უარი უთხრეს, დეპორტაციისგან იხსნას.

CNN-ის ცნობით, რელიგიური რიტუალები ეკლესიაში უკვე 800 საათზე მეტია რაც გრძელდება.

ჰოლანდიის კანონმდებლობით, პოლიციას უფლება არ აქვს, ეკლესიაში შევიდეს, როდესაც იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. უკვე ერთ თვეზე მეტია ასობით პასტორი და მოხალისე მთელი ქვეყიდან 24 საათის განმავლობაში  მონაწილეობს რელიგიურ რიტუალებში ოჯახის დასახმარებლად. ოჯადი ეკლესიის მფარველობის ქვეშაა. ეკლესიის წარმომადგენლების თქმით, მართალია, კართან პოლიციელები არ დგანან, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ შენობა უფრო მეტად კონტროლდება.

ტამრაზიანების ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვიც ცხოვრობს, ჰოლანდიაში საცხოვრებლად 2010 წელს ჩავიდა. მათ პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ვერ მოახერხეს.

CNN-ის ცნობით, ჰოლანდიის კანონმდებლობაში არსებობს პირობა დეპორტაციისგან იმ ბავშვთა ე.წ. შეწყალების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ეს პირობა ამ ოჯახის შანსია დეპორტაციისაგან თავის ასარიდებლად.

მარტინ გუმენი, რომელიც ჰოლანდიაში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, კვლვებზე დაყრდნობით ამბობს, რომ როდესაც ბავშვი ქვეყანაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ცოვრობს და მას ქვეყნიდან აძევებენ, ეს არასრულწლოვნის განვითარებაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს. ის აცხადებს, რომ მიგრაციის სამინისტროს ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეუძლია.

სამინისტროში კონკრეტული ოჯახის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა თქვეს, რომ მინისტრს შეუძლია ჩაერიოს “ძალიან სპეციფიკურ, განსაკუთრებულ და სასწრაფო” საქმეებში. სამინისტროს განმარტებით, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა “ჰოლანდიაში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა, საკმარისად განსაკუთრებული გარემოება არ არის”.

CNN ასევე წერს, რომ არსებობს გარკვეული ტიპის მოლაპარაკების პროცესი მთავრობასთან ამ ოჯახთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი