“სოკარ ჯორჯია გაზი” კომერციულ აბონენტებს პირველი მარტიდან გაზის საფასურს გაუძვირებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საცალო კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი იქნება დღგ-ს ჩათვლით.
კომერციული აბონენტებისთვის დღეს მოქმედი ტარიფი 84 თეთრია, შესაბამისად, ზრდა 11 თეთრს შეადგენს. გაძვირების მიზეზად სოკარი ლარის კურსსა და განაწილების ტარიფის ცვლილებას ასახელებს.
“შპს “სოკრა ჯორჯია გაზი” წლების განმავლობაში ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას საქართველოს მასშტაბით. დღემდე კომპანიის მიერ რეგიონების გაზიფიცირებისა და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ინვესტირებულია 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც დამატებით ასეულობით ათას ოჯახსა და კომერციულ ობიექტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლობლობა მიეცათ,”-აცხადებენ კომპანიაში.
გაძვირების შესახებ განცხადება კომპანიამ 24 იანვარს გაავრცელა. ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის ბრძანების საფუძველზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დერეგულირებულია, ანუ მას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ ადგენს.