2013 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს საპარლამენტო უმცირესობა.
“პათოსი არის ასეთი, თითქოს არაფერი სერიოზული არ მომხდარა, მერე რა, რომ 700 მილიონით ნაკლები დახარჯა სახელმწიფომ, ვიდრე დაგეგმილი იყო. ამდენი იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2011–2012 წლებში. ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბები, რომლებსაც ყველა ხედავდა წინა წლებში, დასაქმებული ადამიანები ამ პროექტებში, ეს ყველაფერი 2013 წელს დაიკარგა. მეორე, რაც ჩანს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეკონომიკა არ გაიზარდაო და არავინ მალავს ამასო. არადა, ნახევარი წლის განმავლობაში მთელი მთავრობა იძახდა, ეკონომიკაში პრობლემები არ არის და ეს “ნაციონალური მოძრაობის” მოგონილიაო. ერთი პრობლემაა, როდესაც მთავრობა ვერ გეგმავს ბიუჯეტს წლის დასაწყისში, მაგრამ მეორე პრობლემაა, როდესაც ნახევარი წლის მანძილზე მთავრობა ვერ აცნობიერებს, რომ პრობლემები არსებობს ეკონომიკაში და ბიუჯეტში და, რაც მთავარია, პასუხისმგებელი არავინაა ამაზე,”– ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
