გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველომ ცივილიზებულ სამყაროს მხარი უნდა დაუჭიროს და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს:

 

“ჩვენ შევიმუშავებთ რაღაც ვარიანტს და იმედია, ნავსი გატყდება და საქართველოსთვის საზიანო ხაზს, რომ არ ვაწყენინოთ პუტინს – ბოლო მოეღება. ამ სიტუაციაში პოზიციის დაფიქსირებისთვის თავის არიდება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ რუსეთის გავლენის სფეროს უკრაინაზე და საქართველოზე.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი აცხადებს, რომ პოლიტიკური განცხადება პარლამენტმა შესაბამისი ინსტანციების მიერ დასკვნების გამოტანის შემდეგ უნდა გააკეთოს. მანამდე რეზოლუციის მიღება საგანელიძეს ენის წინ გასწრებად მიაჩნია: 

 

“ოპოზიციას ჰგონია, რომ განცხადებები რაც უფრო მძაფრი, მკვეთრი და შემტევი იქნება, სიტუაციას შეცვლის. მე ერთი ვიცი, რომ ადამიანს ენა არასოდეს უნდა გისწრებდეს წინ. ჯერ უნდა გქონდეს შესაბამისი საფუძველი. ასეთი ტიპის რეზოლუცია უნდა მიიღო მაშინ, როდესაც გექნება შესაბამისი დასკვნები შესაბამისი ინსტანციებიდან, მაგრამ მოსაზრების გამოთქმა მანამდე შეიძლება. არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიიდან ან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ჩამოგდებულია, მაგრამ მოსაზრების დონეზე პარლამენტის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთება იქნება ჭკუას მოკლებული.”

 

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა, 17 ივლისს რუსეთ–უკრაინის საზღვართან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ბუკით ჩამოაგდეს 10 კილომეტრის სიმაღლიდან. “ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 ადამიანი იმყოფებოდა – 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა. უკრაინელი სამხედროები და რუსი ბოევიკები დონეცკთან მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ტერიტორიის ამ წერტილში (დონეცკთან) პრორუსი მებრძოლები უკრაინის არმიას ებრძვიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *