საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში კლანების არსებობაზე საუბარი ზედმეტია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ერთერში განმარტავს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ერთ პოზიციაზე არიან, ეს მათ გუნდურობაზე მიუთითებს. კლანზე საუბარი კი იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ეს პოზიციები კორუფციის რისკებს შეიცავს ან რაიმე კუთხით დამაზიანებელია სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის საკითხში, რის ნიშნებსაც კობახიძე ვერ ხედავს:
“კლანი გულისხმობს რას: ერთი, რომ გუნდი არის შეკრული და მეორე, რომ ისინი ცუდი საქმის გარშემო არიან დარაზმულნი. თუ არის გარკვეული ჯგუფი ნებისმიერ სისტემაში, რომელიც დარაზმულია უარყოფითი მიზნების გარშემო, როგორიც შეიძლება იყოს კორუფცია ან საქმეთა მიკერძოებული გადაწყვეტა… თუ ეს იკვეთება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია კლანურობაზე ვისაუბროთ, მაგრამ მე სწორედ იმიტომ გავამახვილე შინაარსზე ყურადღება, რომ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება.
ერთი საქმეც ვერ გაიხსენეს ოპონენტებმა, როდესაც ჩვენ ვკითხეთ იმის თაობაზე, თუ სად მიიღეს ადამიანებმა არასწორი, უსამართლო გადაწყვეტილება [2012 წლის შემდეგ], რადგან სისტემა ფუნქციონირებს სწორად. სულ 300 ადამიანისგან შედგება სასამართლო კორპუსი და ეს კორპუსი დღეს დამოუკიდებლად იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს და არ ჩნდება კითხვის ნიშნები საქმეებთან დაკავშირებით”, – ამბობს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ გაჩნდება კითხვის ნიშნები მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ეს სერიოზული განხილვის და რეაგირების საგანი გახდება:
“თუ ასეთია მოცემულობა, მაშინ ხომ კლანზე საუბარი ზედმეტია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ერთიანად გამოდიან ერთი პოზიციით, ეს არ ნიშნავს თავისთავად კლანურობას. თუ ისინი რამეს არ აფუჭებენ, თუ ისინი თვიანთი გუნდურობიდან გამომდინარე საქმეებს არასწორად არ წყვეტენ ან კორუფციაში არ არიან ჩართულნი… ეს არის ამოსავალი წერტილი.
მთავარი არის შინაარსი: რამდენად სამართლიანად მოქმედებს სასამართლო. თუ აქ გაჩნდება კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზულად განსახილველი და რეაგირება არის საჭირო. მთავარია, მიგვითითონ კონკრეტულ საკითხებზე, სადაც პრობლემა იქმნება. თუ პრობლემა არ არის, ამ შემთხვევაში, კლანზე საუბარი არის არასწორი”, – ამბობს კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყბელის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა”.