ახალი ამბები | ,

Booking.com-მა კონკურენციის კანონმდებლობა დაარღვია, თუმცა მალე გამოასწორა — სააგენტო

29 იანვარი, 2019 | | 1523
Booking.com-მა კონკურენციის კანონმდებლობა დაარღვია, თუმცა მალე გამოასწორა — სააგენტო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების დაჯავშნის ონლაინპლატფორმას, Booking-ს, სამ სხვა პლატფორმასთან ერთად, კონკურენციის კანონმდებლობის დადგენა დაუდგინა; დარღვევა უკვე გამოსწორებულია.

ინფორმაცია ნეტგაზეთს კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. სხვა სამი პლატფორმა იყო Ostrovok.ru, hrs.com და booking24.ge.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმე შეეხებოდა სასტუმროებსა და სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში “ფართო MFN პირობების (საუკეთესო ფასის გარანტიის) გამოყენებას”.

ეს ნიშნავს, რომ ასეთი კონტრაქტებით პლატფორმებზე სასტუმროები უფრო ხელმისაწვდომ ფასს ადებდნენ თავიან მომსახურებას. როგორც სააგენტო ნეტგაზეთს განუმარტავს:

“MFN პირობა გულისხმობს, რომ სასტუმრო, დაჯავშნის კონკრეტული ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებელს სთავაზობს  საკუთარ მომსახურებას (ნომრებს) უფრო ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ეს შეთავაზებულია სხვა online ან offline საშუალებებით. ამდენად, სასტუმროს ეზღუდება შესაძლებლობა, რომ სხვა მსგავს პლატფორმაზე საკუთარი მომსახურება განათავსოს უფრო ნაკლებ ფასად”.

ეს სააგენტომ მიიჩნია საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებად. თუმცა არც Booking და არც სხვა პლატფორმები არ დაუჯარიმებიათ. სააგენტოს განცხადების თანახმად, მონიტორინგის პროცესშივე ოთხივე სუბიექტმა შეასწორა დარღვევა.

როგორც პრესრელიზში წერია, ერთ-ერთმა მათგანმა “MFN პირობებთან დაკავშირებით გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიასა და პოლონეთში არსებულ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების მსგავსად, გამონაკლისი დაუშვა საქართველოში არსებულ სასტუმროებთან დადებულ ხელშეკრულებებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი