ახალი ამბები

ხიდაშელი: მადლობა დისიდენტებს, გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს

18 ივლისი, 2014 • • 1013
ხიდაშელი: მადლობა დისიდენტებს, გამსახურდიას, შევარდნაძეს, სააკაშვილს

თინა ხიდაშელის თქმით, ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანა ხელშეკრულების რატიფიკაციამდე მივიდა:

 

“მინდა ბევრ ადამიანს გადავუხადო მადლობა. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა ქართველ დისიდენტებს ეხებათ, რომლებიც ოცნებობდნენ, საუბრობდნენ თავისუფალ და ევროპულ საქართველოზე და ბევრი ამის გამო ალბათ გიჟად თვლიდა მათ, რის გამოც შემდეგ ევროპიდან ძალიან შორს გუალგში ხვდებოდნენ და ორი ასეთი ადამიანი დღეს დარბაზშია. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას და მის ხელისყუფლებას ეკუთვნის ალბათ  განსაკუთრებული მადლობა. ასევე,  ეროვნული მოძრაობის გმირებს იმე პერიოდიდან,  რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებით საქართველოს ევროპაში უმკვიდრებდნენ ადგილს. მადლობა პოლიტპატიმრებს, რომლებიც საქართველოს მაშინ მრავლად ყავდათ, 90–იან წლებში,  რომლებიც დაუპირისპირდნენ კომუნისტურ-ბოლშევიკურ რევანშს და ამის გამო ციხეებში აღმოჩნდნენ და ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე გვესწრებიან აქ. მადლობა  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მის ხელისუფლებას საქართველოს ევროპული არჩევანის ოფიციალური გაცხადებისთვის, ღია და ცალსახა საგარეო პოლიტიკისთვის, რომელმაც დღევანდელ დღეს ჩაუყარა საფუძველი. მადლობას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კიდევ უფრო გამტკიცების, თვისობრივად უფრო მაღალ ხარისხში აყვანის და დღევანდელი დღის მომზადებისთვის. “

 

ხიდაშელის თქმით,  ეს დღე არ ეკუთვნის არც პრეზიდენტ გამსახურდიას, არც პრეზიდენტ შევარდნაძეს და არც პრეზიდენტ სააკაშვილს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის:

 

“ხალხს, რომელმაც 1921 წელს იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ 1989 წლის 9 აპრილს იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ 90-იან წლებში იბრძოდა, “ვარდების რევოლუციის” დროს იბრძოდა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ხალხს, რომელმაც 1 ოქტომბერს მოქმედებით დაადასტურა, რომ ქართველები ერთგულები არიან დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის იდეალებისადმი. მადლობა მინდა ვუთხრა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დღევანდელი დღისთვის, თუმცა ჩვენს მთავრობას მადლობა შემდეგმა თაობებმა უნდა უთხრან იმის მიხედვით თუ რამდენად სწრაფად მოვახერხებთ ვილნიუსის და ბრიუსელის სამიტების მონაპოვარის ჩვენი სახელმწიფოს ყოველდღიურობად ქცევას”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი