მარგველაშვილი უკრაინაში მოხდარ ავიაკატასტროფაზე: სათანადოდ უნდა შეფასდეს ეს ტრაგედია

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის უკრაინა-რუსეთის საზღვართან ჩამოვარდნის გამო და ამბობს, რომ ტრაგედია სათანადოდ უნდა შეფასდეს.

“შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 კატასტროფის გამო. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩატარდეს გამოძიება და სათანადო შეფასება მიეცეს ამ ტრაგედიას”, – აღნიშნავს პრეზიდენტი დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ამსტერდამი–კუალა–ლუმპურის ავიარეისს ასრულებდა, 17 ივლისს დონეცკთან ჩამოვარდა. “ბიბისის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 295 მგზავრი იმყოფებოდა. 

 

საინფორმციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, მალაიზიის თვითმფრინავი დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. ამ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მოადგილე გერასჩენკო “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 

“თვითმფრინავი საზენიტო–სარაკეტო დანადგარი “ბუკ”–ით ჩამოაგდეს.” 

 

ავიაკომპანიებმა – Lufthansa  და  Air France  უსაფრთხოების მიზნით უკრაინის ავიასივრცის გამოყენებაზე უარი განაცახდეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი