ახალი ამბები

მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მეტი მანდატი უნდა ჰქონდეს პარლამენტს – ბესელიას კანონპროექტი

25 იანვარი, 2019 • 1201
მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მეტი მანდატი უნდა ჰქონდეს პარლამენტს – ბესელიას კანონპროექტი

“ქართული ოცნების” ოფისში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ეკა ბესელია მივიდა. დეპუტატის განცხადებით, აპირებს, კონკრეტული კანონპროექტი წარადგინოს, სადაც უზენაესი სასამართლოსთვის მოსამართლეთა შერჩევის წესის ფორმატი და დამატებითი კრიტერიუმებია ასახული.

ბესელიას თქმით, კანონპროექტი არამარტო მისი, არამედ ყველა იმ მხარის პოზიციებს მოიცავს, რომლებთანაც მმართველ გუნდს კონსულტაციები ჰქონდა. მათ შორის, დეპუტატმა დაასახელა პროფესიული გაერთიანებები, ადვოკატები, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტი მოსამართლეთა კანდიდატურის შესახებ განხილვების პარლამენტში გადატანას მოიცავს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობა დაბალია, რის გამოც პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანომ უნდა აიღოს.

“ერთი მთავარი პრინციპი, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმაც გამოხატა პოზიცია, რომ ისიც ამას ემხრობა, არის ის, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი მანდატი. ეს არის ჩვენი პროექტის მთავარი პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ის სია კი არ უნდა განვიხილოთ, რასაც ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის საბჭო, არამედ უფრო გრძელი სია იმ კანდიდატებისა, რომლებიც კონსტიტუციით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ხოლო შინაარსობრივ განხილვაში შესვლა, კრიტერიუმების მიღმა ვინ იმსახურებს და ვინ არა, ეს პარლამენტმა გადაწყვიტოს და არა საბჭომ”, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ ეს არის გამოსავალი იმ ვითარებაში, “როცა იუსტიციის საბჭოს არ აქვს მაღალი სანდოობა”.

ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ კანონპროექტი მოიცავს დამატებით კრიტერიუმებს, რომლებიც უზენაესი სასამართლოსთვის მოსამართლეთა შერჩევის პროცესში უნდა განისაზღვროს.

“დამატებითი კრიტერიუმების შემოტანას შევთავაზებ კოლეგებს, რამაც უნდა გაცხრილოს იმ კანდიდატთა სია. მთავარი იქნება აქ სწორედ ის, რომ უზენაეს სასამართლოში, სადაც უკვე არიან პროფესიონალი მოსამართლეები, დამატებით კადრების შემოსვლა მოხდეს გარედან და არა სისტემის შიგნიდან”, – განაცხადა მან. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კი, რას მოიცავს დამატებითი კრიტერიუმები, აღნიშნა:

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც არის დადგენილი კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები… ასეთ საქმეებზე გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეების მიმართ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, ასეთი მოსამართლის განწესება უზენაეს სასამართლოში შეიძლება თუ არა. მე ვფიქრობ, რომ არა.

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები, რომლებზეც პარლამენტს მიღებული აქვს დადგენილება 2012 წელს, ასეთი საქმეების განმხილველი მოსამართლეები…

ამ კრიტერიუმებით ჩვენ შეგვიძლია დავაზღვიოთ, რომ უზენაეს სასამართლოში არ მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომელთა მიმართ იქნება კითხვები, ეჭვები, არ იქნება მაღალი სანდოობა”.


2018 წლის 27 დეკემბერს ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ  განაცხადა და მთავარ მოტივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად 10-კაციანი სიის წარდგენა დაასახელა. ბესელიას თქმით, ის არ დაუშვებდა ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან ისინი “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების გამო ეკა ბესელია გუნდურობის დარღვევაში დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მან თქვა, რომ რეალურად, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილი და მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება.

გუშინ, 24 იანვარს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ, რომელსაც ივანიშვილიც ესწრებოდა, პარტიიდან მისი გარიცხვის საკითხი არ განუხილავთ, მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით კი იგივე პოზიცია აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი