ნეტგაზეთი | ბაღების საკვებით მომმარაგებელი კომპანია 30 ათასი ლარით დავაჯარიმეთ – ელოშვილი ბაღების საკვებით მომმარაგებელი კომპანია 30 ათასი ლარით დავაჯარიმეთ – ელოშვილი – Netgazeti
RU | GE  

ბაღების საკვებით მომმარაგებელი კომპანია 30 ათასი ლარით დავაჯარიმეთ – ელოშვილი

შპს „ნილი“, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფს, პროდუქციის ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი მცირე სხვაობის გამო დაჯარიმდა, – ამის შესახებ, თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოულოდნელი აუდიტის შედეგად “ნილს” 4 გადაცდომა დაუფიქსირდა.

როგორც მერის მოადგილემ განმარტა, ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაურკვეველი აჟიოტაჟია ატეხილი და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშობლები დაარწმუნონ, თითქოს, ბავშვების კეთილდღეობას საფრთხე ექმნება.

„პირველ რიგში, მინდა მივმართო მშობლებს და არა ოპოზიციას და ავუხსნა, თუ რა ზომებს იღებს თბილისის მერია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღებში აღსაზრდელების კვება ხარისხიანი და უვნებელი იყოს. საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს რამდენიმე ინსტიტუტი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სააგენტო აწარმოებს. ისინი წლის განმავლობაში, პერიოდულად, 180-ივე ბაღს ამოწმებენ. მოწმდება ბაღის სამზარეულოს ჰიგიენური ნორმები, შენახვის პირობები, ასევე, ტარდება ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიურ ვარგისიანობაზე. მსგავსი კვლევები 180-ივე ბაღში არაერთხელ ჩატარდა და არანაირი გადაცდომა ან დარღვევა არ დადასტურებულა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე განმარტებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, 180-ივე ბაღს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება გეგმურად ამოწმებს. წლის განმავლობაში მათ მიერ დაახლოებით 1100-მდე შემოწმება ჩატარდა; სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება პროდუქტის შენახვის პირობებს, მენიუს შესაბამისობას, ბავშვებისთვის მიწოდებას, მზა კერძების რაოდენობას, ხარისხს, ვადებს, სამზარეულოს პერსონალის პირად ჰიგიენას, ნარჩენების გატანის წესის დაცულობასა და პროდუქტების ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს.

„ამ ყველაფრის პარალელურად, შიდა აუდიტის საშუალებით, იმისთვის, რომ კიდევ ერთი დამატებითი საშუალება გვქონდეს და დარწმუნებული ვიყოთ სურსათის უვნებლობაში, თბილისის მერია მოულოდნელად, წელიწადში რამდენჯერმე, ძალიან საფუძვლიან კვლევას ატარებს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. მერიის შიდა აუდიტმა გასული წლის 6 დეკემბერს ასეთივე კვლევა ჩაატარა თევზის ფილეს ნიმუშებზე ცხიმიანობასა და პროდუქციაში ტყვიისა და კადნიუმის შემცველობაზე. აღებული იყო ასევე ყველის, კარაქის, ხაჭოს, არაჟნის, მაწვნის, სასმელი რძის ნიმუშები ცხიმიანობაზე, რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმის შემცველობაზე. აღნიშნული კვლევის შედეგად, რომელიც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ასევე ხარისხის ლაბორატორიამ (LLC Quality Lab) ჩაატარა, გადაცდომები გამოვლინდა“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, რომ თევზის ფილეს ცხიმიანობაში 7%-ის ნაცვლად, 6,0%-დან 6,8% იყო, რაც დასაშვებ ნორმაზე დაახლოებით 0,2%-ით ნაკლებია.

„ნებისმიერი ნუტრიციოლოგი გეტყვით, რომ ეს ხიფათის შემცვლელი არ არის. მეტიც, ეს მოზარდს აძლევს ზუსტად იმ კალორაჟს და სარგებელს, რაც საკვებისგან უნდა მიიღოს. გადაცდომა არის იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი საკვებია. ჩვენ ბაღებში არაბუნებრივ დანამატებს და საკვებს არ ვუშვებთ. შესაბამისად, ზუსტად 7%-იანი ცხიმიანობით ბუნებრივი საკვების მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნებოდა, თუმცა ამ მინიმალური გადაცდომის მიუხედავად, კომპანია ამაზე მაინც ჯარიმდება“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მეორე გადაცდომა იყო ხაჭოს ცხიმიანობა – ნაცვლად 6%-სა, დაფიქსირდა 5,7%; მესამე გადაცდომა – ტომატის ნიმუშებში 22%-იდან 24%-მდე მასაში სხვაობაა, რაც 2%-იანი ცვლილებაა; მეოთხე გადაცდომა ეხებოდა ყველს, რომლის ნიმუშებშიც, ნატურალური რძის ნაცვლად, რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

„თავისთავად, ესეც ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და საშიშ ფაქტორებს არ შეიცავს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვმა ცხოველური დანამატები და ზეთები მიიღოს. ამიტომაც კონტრაქტორი ვალდებულია, რომ მთავრობის დადგენილების სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დავაკისრეთ. მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მოულოდნელ შემოწმებებს, მიუხედავად იმ ათასობით შემოწმებისა, რომლებიც ბაღებში ისედაც ტარდება. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი შვილები კარგად და ჯანსაღად იკვებებიან და მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მერის მოადგილემ. მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში საკვების ვარგისიანობასთან და მიკროშემადგენლობასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არსებობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com