ახალი ამბები

ლია გიგაური: ოსურ ენაზე გამოცდების ტესტები არ არსებობს

17 ივლისი, 2014 • • 1341
ლია გიგაური: ოსურ ენაზე გამოცდების ტესტები არ არსებობს

ლია გიგაურმა თავის გამოსვლაში ეთნიკური  უმცირესობების განათლების მიღების უფლების დაცვაზე ისაუბრა. 

 

“ზოგადად, უმცირესობების ენების სწავლებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რეკომენდაცია შემოდის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა ჯგუფებისგან. ჩვენ უმცირესობების ენის სწავლება ერთიანი ეროვნული პოლიტიკის ნაწილად განვიხილეთ, დიდი ხანია მიდის მუშაობა და იქმნება ახალი დოკუმენტი. შემუშავდება ენების სწავლების ერთიანი სტანდარტი, რომლის ბაზაზეც შემდეგ შეიძლება პროგრამები გაკეთდეს,” – ამბობს გიგაური. 

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ოსურ ენაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები არ არსებობს. გიგაური ასევე აცხადებს, რომ მეექვსე კლასის შემდეგ მოსწავლეები ოსურად აღარ სწავლობენ:

 

“რაც შეეხება ოსურ ენაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას, ტესტები დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს და ვალდებულება ამ ენაზე გამოცდების ჩატარების 2015–2016 წლიდან ამოქმედდება. ეს უკავშირდება ოსური ენის სტანდარტის შექმნას სწორედ იმ ახალი დოკუმენტის ფარგლებში, მაგრამ  პრობლემა არის ის, რომ ოსურ ენაზე დაწყებით განათლებას ღებულობენ მხოლოდ პირველი ოთხი კლასის მანძილზე, სხვადასხვა საგნებს სწავლობენ, მომდევნო მეხუთე-მეექსვსე კლასში უკვე გადადიან ენისა და რომელიმე საგნის სწავლაზე, შემდგომში უკვე მოსწავლეები რუსულად სწავლობენ. “

 

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ასევე ბოშათა თემს უკავშირდება. აპარატი სპეციალური მიდგომების და მოთხოვნების საჭიროებაზე აქცენტირებს. გიგაურის განმარტებით, სამინისტროს “სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა” გააჩნია, რომლის ფარგლებში ბოშათა პრობლემებზე უწყება ბევრს მუშაობს:

 

“ვმუშაობთ თბილისში, იმერეთში, აჭარაში, კახეთში, სამეგრელოში. ოთხმოცდარვა ბოშა მოზარდი დღეს სარგებლბობს სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსებით, მათი სკოლაში შეყვანა იყო და არის ძალიან დიდი პრობლემა, მუშაობა სკოლაში სიარულთან დაკავშირებით იწყება არა მათთან, არამედ მშობლებთან. მაგალითად, წელს სამი ბოშა შევიდა სკოლაში, რაც გვგონია, რომ ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ ამას დაჭირდა ერთწლიანი მუშაობა მათ მშობლებთან. პროგრამის ფარგლებში მშობლები ტრენინგებში მონაწილეობენ, დიდი მზაობა არ არსებობს, მაგრამ მათი ინფორმირება და დარწმუნება ხდება”

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი