საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2021 წლიდან ცვლის დასაქმებისა და უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდოლოგიას.
საქსტატის ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 13.9%-ია, ანუ 276.4 ათასი ადამიანია უმუშევრად მიჩნეული, თუმცა უმუშევართა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.
საქმე ის არის, რომ საქსტატი, ახლანდელი მეთოდოლოგიით, უმუშევრებში არ ანგარიშობს თვითდასაქმებულ ადამიანებს. თვითდასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში/მეურნეობაში მუშაობს და საკუთარი შემოსავალი გააჩნია. საქსტატის თანახმადვე, თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში. მაგალითად, აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი და მიღებულ პროდუქციას იყენებს როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე – გასაყიდად.
ახალი მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულების ნაწილი გამოაკლდება დასაქმებულთა რაოდენობას. საქსტატის ბოლო მონაცემებით, დასაქმებულია 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი.
როგორ შეიცვლება უმუშევრების მაჩვენებელი?
ჯერჯერობით ვერც საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე და ვერც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი კირან უოლში, რომელთან ერთადაც მუშაობდა საქსტატი, ვერ ასახელებენ ზუსტ რიცხვს, თუ რა შეიძლება მივიღოთ აღნიშნული ცვლილების შემდეგ.
კირან უოლშმა მოიტანა რუანდის მაგალითი, სადაც ახალი მეთოდოლოგიით, უმუშევრობის მაჩვენებელი 2%-დან 14%-მდე გაიზარდა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაც ამბობს, რომ უმუშევრობა ოფიციალურ მაჩვენებელზე “გაცილებით მეტია” და დადებითად აფასებს მეთოდოლოგიის დაგეგმილ ცვლილებას.
“რეალისტური შეფასების კრიტერიუმები”
“იმედი გვაქვს, რომ გვექნება თვითდასაქმებულთა შეფასების რეალისტური კრიტერიუმები, რომლებიც ზოგადად ეკონომიკის დაგეგმვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – უთხრა კაკულიამ 24 იანვარს ჟურნალისტებს. მისივე თქმით, “სწორად ვერ დაგეგმავ, თუ სწორი სურათი არ გაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეალური უმუშევრობაა შენს ქვეყანაში”.
“ხშირად გაიგებთ ასეთ გამონათქვამს: “ამდენი რამე კეთდება და რატომ არ არის საზოგადოებაში ამის ადეკვატური აღქმა”. იმიტომ არ არის, რომ … ჩვენ არა გვაქვს 12 და 13-პროცენტიანი უმუშევრობა. უმუშევრობა არის გაცილებით მეტი. დაგეგმარების პროცესში, როცა იცი, რასთან გაქვს საქმე, სხვანაირად გეგმავ [ეკონომიკურ პოლიტიკას]. როცა იცი, რომ უმუშევრობა არის გაცილებით მაღალი, მაშინ სხვადასხვა სფეროებში ნაკლებ თანხას გადაანაწილებ და უფრო მეტ თანხას ჩადებ იმ სფეროებში, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების ბიზნესსაქმიანობაში ჩართვის ინსტრუმენტების გააქტიურება”, – განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, “მთავარია, რომ უფრო მეტი რესურსი და მეტი სამთავრობო ენერგია იქნება მიმართული ამ თემის [უმუშევრობის] მოსაგვარებლად”.
ნახეთ ასევე: