უჩა ნანუაშვილის თქმით, საიხან მუზაევმა საზღვრის გადაკვეთაზე უარი თორმეტჯერ მიიღო, ხოლო სახალხო დამცველის უწყებას შესაბამისმა სამინისტრომ დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა, თუ რატომ უზღუდავენ მუზაევს გადაადგილების თავისუფლებას:

 

“გვაქვს რეკომენდაცია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პარლამენტის მიმართ, რომ მნიშვნელოვანია “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონით დაცული ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოში შემოსვლის საკითხის განხილვისას. პარლამენტმა  არ დაუშვას საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა”.

 

ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საიზან მუზაევის საქმე ერთ–ერთია იმ ბევრთაგან, როცა გადაადგილების თავისუფლება იზღუდება.

 

საიხან მუზაევი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სასწავლო მიზნით დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებდა. ამისთვის მან მიიღო შესაბამისი ვიზა, გადაიხადა სწავლისა და ცხოვრებისთვის საჭირო თანხა, თუმცა 2014 წლის 13 იანვარს შს სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაჩერეს. საია ამტკიცებს, რომ მას ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი განმარტების გარეშე არ მისცეს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. მუზაევი ქვეყნის დატოვებას თორმეტჯერ შეეცადა, თუმცა არ გაუშვეს. 

 

მუზაევი მისთვის ქვეყნის დატოვებაში ხელის შეშლას ლაფანყურის საქმეს უკავშირებს. მისი მტკიცებით, საგამოძიებო ორგანოები აიძულებდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენების მიცემას და იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომელსაც არ ფლობდა. აქედან გამომდინარე, მუზაევი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და არ გამორიცხავს მის მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას.

 

“დაკითხული არის ლაფანყურის საქმეზე, მისი ჩვენება არის საქმეში და ცოტა უცნაურია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არაფერი იცის, ან მაქსიმუმ, რაც იცოდა, ის ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შემდეგ საიდან აქვს ინფორმაცია შს სამინისტროს, რომ მუზაევმა შეიძლება იცოდეს და არ აწვდიდეს ინფორმაციას, ცოტა უცნაურია. ასეც რომ იყოს, ამ შემთხვევაში კანონმდებლობის განუხრელი დაცვით უნდა მოხდეს იმ საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რაც დააზღვევს ჩვენების მიღებას. საზღვრის გადაკვეთაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელ ხელშეშლას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს,”– განმარტავს საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე. 

 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. უკანასკნელ ხანებში საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან ხშირად გაისმის უკმაყოფილება ხელისუფლების მიერ მათი გადაადგილების თავისუფლების თვითნებურად შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით. 

ამ საკითხით EMC უკვე რამდენიმე თვეა დაინტერესდა და ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ დუისში ადგილობრივ მუსლიმებთანაც იმყოფებოდნენ. მათთან საუბრისას ირკვევა, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე, ზღუდავენ მოსახლეობის უფლებას, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. 

 

საქართველო – დაღესტნის საზღვართან, ლოპოტის ხეობაში  შს სამინისტრომ სპეცოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. უწყების მაშინდელი ინფორმაციით,  სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან ხუთი ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. მათი მტკიცებით, შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა. 29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, ხოლო 11 დივერსანტების ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებული იქნა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და გია ლორთქიფანიძე თავის ძმასთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც მაშინ კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, აქტიურად იყვნენ ჩართული ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *