NGO-ები უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში არ შევლენ

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ მასში შემავალი არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომლის მიზანიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად კრიტერიუმების შემუშავებაა, მონაწილეობას არ მიიღებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალაშია მათი მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომის შესახებ, რომლებმაც პარლამენტში ნომინირებულ სიას მხარი დაუჭირეს.

NGO-ები მიიჩნევენ, რომ ახალი კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შეფასებით, სამუშაო ჯგუფის საქმიანობას მხოლოდ კოსმეტიკური დატვირთვა ექნება:

“ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ ის პროცესი, რომელიც პარლამეტის თავმჯდომარის ხელმძღანელობით მიმდინარეობს, შეიძლება იმ ადამიანების ლეგიტიმაციის საფუძველი გახდეს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, კრიზისში შეეყვანათ მართლმსაჯულების სისტემა”, – ამბობს კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის, EMC-ის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკრიტიკებენ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასაც. მათი თქმით, კრიტერიუმების შენარჩუნებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში ნომინირებულ სიას და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სასურველი კანდიდატები ახალ წლამდე, დაჩქარებულად დაენიშნათ.

NGO-ები მოუწოდებენ სამუშაო ჯგუფში შემავალ სხვა პროფესიულ ჯგუფებს, კრიტიკულად შეხედონ მის საქმიანობას. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ პროცესების გაჯანსაღებისთვის, რათა არ მოხდეს სხვა სახელებით და გვარებით, თუმცა იმავე ინტერესების მქონე პირების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.