ახალი ამბები

დაუჭირა თუ არა “ოცნებამ” მხარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭოში

23 იანვარი, 2019 • 1750
დაუჭირა თუ არა “ოცნებამ” მხარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭოში

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოში ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუციას “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა მხარი არ დაუჭირა.  ჩუგოშვილი კი ბრალდებებს უარყოფს. როგორც ის ამბობს, ამ საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრა სამჯერ გაიმართა და მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ სამივეგან დააფიქსირა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მისი გვარი მხოლოდ ორი კენჭისყრისას არის დაფიქსირებული.

როგორც სერგი კაპანაძემ დღეს, 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების” არცერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას:

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია მაგნიტსკის სიაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. უფრო ზუსტად, ეს არის რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, გაავრცელონ ორიენტირებული სანქციები იმ ქვეყნებსა და ადამიანებზე, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

აქ საუბარია, რომ არა მხოლოდ ოთხოზორია-ტატუნაშვილის კუთხითაა მნიშვნელოვანი ეს რეზოლუცია, ზოგადად, რეზოლუციაა, რომელიც რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებს, დაიცვას  ადამიანის უფლებები. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდამჭერი არცერთი პოზიცია არ დაფიქსირებულა, დებატებშიც კი არ მიიღეს მონაწილეობა”, – ამბობს კაპანაძე.

თამარ ჩუგოშვილის მხარდაჭერა რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებში მართლაც არ ფიქსირდება, თუმცა მისი გვარი მითითებულია რეზოლუციის შესწორების მხარდამჭერთა ჩამონათვალში. როგორც დეპუტატი ამბობს, მან ამ საკითხზე გამართულ სამივე კეჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და მთლიანი რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებში მისი გვარი ტექნიკური ხარვეზის გამო არაა:

“მაგნიტსკის რეზოლუციას როდესაც ემატებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ამ ცვლილებას ჰყავს ოთხი ინიციატორი საქართველოდან. ორი არის უმცირესობის წამრომადგენელი, ორი – უმრავლესობის. ეს არის თანაინიცირებული და ჰყავს ავოტრები ორი პარტიიდან. როგორც “ქართული ოცნების”, ასევე უმცირესობის.

ხელმომწერები არიან “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი, ხოლო ჩვენი მხრიდან- დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. ამ საკითხის მითვისება, არ ვიცი, რაში წერია. სამი კენჭისყრა არის ჩატარებული ამ რეზოლუციაზე, ორი- ცვლილებებზე და ერთი – მთლიანად რეზოლუციასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად ჩანს სამი კენჭისყრიდან ორში ჩემი მხარდაჭერა, ხოლო მესამეში არ ვიცი, ტექნიკური ხარვეზი იყო თუ რა მოხდა, აპარატთან ვარკვევთ ამას” ,- ამბობს დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, “ქართული ოცნება” არა მხოლოდ მხარს უჭერს აღნიშნულ რეზოლუციას, არამედ მისი თანაავტორიც არის. მისი თქმით, ხმის მიცემის უფლება “ქართული ოცნებიდან” თამარ ჩუგოშვილს და ზვიად კვაჭანტირაძეს ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ “ევროპული საქართველოს” დეპუტატს, გიორგი კანდელაკს სიტყვით გამოსვლა სურდა, ეს უფლება მას ზვიად კვაჭანტირაძემ დაუთმო, შესაბამისად, კვაჭანტირაძის ნაცვლად ხმის მიცემაში კანდელაკმაც მიიღო მონაწილეობა.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა – ევროპული საქართველო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი