ახალი ამბები

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას შტეფან ფულე დაესწრება

16 ივლისი, 2014 • • 969
ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას შტეფან ფულე დაესწრება

“რატიფიკაცია მოხდება 18 ივლისს. ეს საკითხი პრაქტიკულად ერთადერთი იქნება პარასკევს, რომელიც რიგგარეშე სესიის ფარგლებში ჩატარდება. ჩვენთან იქნებიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ასევე ჩამოსვლას გეგმავენ ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. კენჭისყრამდე ჩვენ მოგვმართავენ სტუმრები, პრემიერ–მინისტრიც ჩამობრძანდება,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კი განმარტავს, რომ 17 ივლისს პარლამენტის ყველა კომიტეტი განიხილავს ასოცირების ხელშეკრულებას:

 

“მინისტრების მოადგილეები ყველა უწყებიდან იქნებიან წარმოდგენილი, რათა ამომწურავი პასუხები გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც უმცირესობის და უმრავლესობის მხრიდან დაიბადება.”

 

უმცირესობის წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრუელბის დადება “ნაციონალური მოძრაობის” მიღწევაა:

 

“ეს 9-წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის და მნიშვნელოვანი და არაპოპულარული რეფორმების შედეგია. ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ევროპასთან ინტეგრაციას და, ბუნებრივია, არც რატიფიკაციის პროცესს დავაკლდებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოსთვის,” – აღნიშნავს თევდორაძე.

 

„ასოცირების დღის წესრიგი” წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) იმპლემენტაციისთვის.

 

„ასოცირების დღის წესრიგი” ჩაანაცვლებს 2006 წლიდან მოქმედ საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას და ჩამოაყალიბებს პრაქტიკულ ჩარჩოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დოკუმენტი შეიცავს პოლიტიკურ კომპონენტს, მათ შორის ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

 

„ასოცირების დღის წესრიგი” ასევე მოიცავს ეკონომიკურ და ვაჭრობის თემებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პრიორიტეტებს და დარგობრივ, მაგ. ენერგეტიკის, ტრანსპორტის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებს. ევროკავშირი სხვადასხვა ინსტრუმენტებით დაეხმარება საქართველოს „ასოცირების დღის წესრიგის” განხორციელებაში, მათ შორისაა ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური ექსპერტიზა და გამოცდილების გაზიარება.

პარლამენტის ბიუროს სხდომა
პარლამენტის ბიუროს სხდომა

მასალების გადაბეჭდვის წესი