ახალი ამბებიეკონომიკა

ნინო ზამბახიძე ფერმერულ მეურნეობას ყიდის და სატენდერო კომისიასთან დავობს

22 იანვარი, 2019 • 4741
ნინო ზამბახიძე ფერმერულ მეურნეობას ყიდის და სატენდერო კომისიასთან დავობს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აცხადებს, რომ იძულებულია საკუთარი ფერმერული მეურნეობა გაყიდოს.

როგორც ზამბახიძე აცხადებს, ამ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ მძიმე ვითარების გამო უწევს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ყველის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერს უკავშრდება.

ნინო ზამბახიძემ ფერმერული მეურნეობის გაყიდვის შესახებ თავდაპირველად ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა პოსტი:

“აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით. ახლა მოგიყვებით, როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი!

8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო. მახსოვს, 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ “რაც არ გკლავს, გაძლიერებს” პრინციპით გავიტანეთ თავი; დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების. ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდა, თუმცა, რატომ, ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია… აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ.

ახლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები დედის გარეშე, ფაქტობრივად, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ამას, ყველაფერს, ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!

ჰო, კიდევ, ეს კომპანია ჩემი რომ არ ყოფილიყო, ამ ამბებს ფერმერთა ასოციაცია ასე არ დატოვებდა. ახლა ინტერესთა კონფლიქტია.

P.S. რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას, კიდევ უფრო გავაძლიერებ, მერწმუნეთ,” – წერს ნინო ზამბახიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.”

ფერმერმა მიღებული გადაწყცეტილების შესახებ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სატენდერო კომისიის მიერ მისი კომპანიის დისკვალიფიკაციის შესახებაც ვრცლად ისაუბრა:

კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის 2019 წლის 11 იანვრის სხდომის გადაწყვეტილებით, ნინო ზამბახიძის ფერმის, შპს “ჯორჯიან ბიზნესს ზონ”-ის სატენდერო წინადადებას დისკვალიფიკაცია მიეცა.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნინო ზამბახიძის ფერმის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური აღწერილობა არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნას.

“სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ყველი დაფასოებული უნდა იყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1-6 კგ მდე (+-15 გრ). ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური აღწერილობაში მითითებულია, რომ ყველი დაფასოებული იქნება 1,5-5 კგ-მდე, ამასთან, არ არის მინიშნებული, რომ დაფასოება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, პრეტენდენტს არ აქვს მითითებული, რომ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა იქნება საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე, რაც გათვალისიწნებული იყო სატენდერო დოკუმენტაციით,” – წერია სატენდერო კომისიის დასკვნაში.

ნინო ზამბახიძე კატეგორიულად არ ეთანხმება სატენდერო კომისიის არგუმენტებს და აცხადებს, რომ შპს “ჯორჯიან ბიზნესს ზონ”-მა კომისიას მოთხოვნილ ვადებში მიაწოდა ყველა დაზუსტებული ინფორმაცია.

ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისიაში გაგზავნილი ინფორმაცია მთლიანად პასუხობს კომისიის სხდომის წინადადების დაზუსტების მოთხოვნებს და სრულად იძლევა წარმოებული პროდუქციის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება სატენდერო კომისიის 11 იანვრის გადაწყვეტილების შპს “ჯორჯიან ბიზნესს ზონ”-ის სატენდერო წინადადების დისკვალიფიკაციის მიზეზებს, ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, რომ დისკვალიფიკაციის დოკუმენტში მითითებული მიზეზები საერთოდ არ ყოფილა აღნიშნული დაზუსტების მოთხოვნებში.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას ტენდერში დისკვალიფიკაციის შესახებ ნინო ზამბახიძე ასაჩივრებს და გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

ნინო ზამბახიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. ასევე, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დაასახელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი