თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ბაქოს ციხეში სასჯელს იხდის, მის წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს აფგან მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ განუცხადა:
“დღეს №16 ციხიდან აფგანმა დამირეკა და მითხრა, რომ დიდი ზეწოლის ქვეშაა. მას სასწრაფოდ ადვოკატებთან უნდა შეხვედრა. თქვა, რომ ციხის ადმინისტრაციამ შეუზღუდა სატელეფონო ზარები სამირ ასადლისთან, მის მეგობართან, რომელსაც მისთვის საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები მიჰქონდა. ციხის ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა, აფგანისთვის გადაეცა ის 200-მდე წერილი და ღია ბარათი, რომელიც მეგობრებმა და კოლეგებმა დაბადების დღისთვის გაუგზავნეს – ციხის ადმინისტრაციის ოპერატიული სამსახურის ინსპექტორმა უარი თქვა, გამოგზავნილი წიგნები მოეწოდებინა. ისინი ამბობენ, რა მოხდება, თუ არ წაიკითხავ წიგნებს? ერთ კვირაზე მეტია ჩემი პროვოკაციაზე წამოგება უნდათ”, – ციტირებს ქმარს ლეილა მუსტაფაევა.
მისივე თქმით, აფგან მუხთარლი ფიქრობს, რომ ციხის ადმინისტრაციას მისთვის კიდევ ახალი ბრალის წაყენება სურს.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მეორე დღეს იგი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. იგი ამ ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ გაიტაცეს ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა.
იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.