ახალი ამბები

შეშფოთებული ვართ ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანებზე თავდასხმის გამო – აშშ

18 იანვარი, 2019 • 1350
შეშფოთებული ვართ ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანებზე თავდასხმის გამო – აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებული არიან ჩეჩნეთში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით განახლებული თავდასხმების გამო. ამასთან, აშშ რუსეთს მოუწოდებს, პატიმრობიდან გამოუშვას უდანაშაულო აქტივისტები.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის რუსეთის ლგბტ ქსელი, იტყობინებიან, რომ 2018 წლის დეკემბრიდან, სულ ცოტა, 40 ადამიანი უკანონოდ დააკავეს და საპატიმროში აწამეს, მათგან ორი ადამიანი კი წამების შემდეგ გარდაიცვალა.

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სპიკერმა ცნობებს “სიცრუე და დეზინფორმაცია” უწოდა და გაიმეორა კადიროვის მიერ ორი წლის წინ ნათქვამი — “ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები არ ცხოვრობენ”.

მსგავსი ცნობები ორი წლის წინაც გავრცელდა. მაშინ გაცილებით ფართო მასშტაბზე იყო საუბარი — 2017 წელს ჩეჩნეთში ასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს სექსუალური იდენტობის ნიშნით; სულ ცოტა, სამი მათგანი დაიღუპა.

როგორც ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” წერდა, ჩეჩნეთში ლგბტ ადამიანების დევნას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ამაში ადგილობრივი მმართველების ხელი ერია. რუსეთის ფედერაცია ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველყოფა, როგორც შიდა კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობაა.

“მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები … და დაუყოვნებლივ დაიწყოს ადამიანის უფლებების აღნიშნული დარღვევების გამოძიება”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 17 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ რუსეთს ასევე მოუწოდებს, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ადამიანის უფლებათა დამცველები, მათ შორის 61 წლის ოიუბ ტიტიევი, რომელსაც ნარკოტიკების ფლობას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი