ახალი ამბები

ბერიკა შუკაკიძე: პედაგოგის სტატუსის შენარჩუნებისთვის გავაკეთებთ სპეციალურ მოდელს

18 იანვარი, 2019 • 39667
ბერიკა შუკაკიძე: პედაგოგის სტატუსის შენარჩუნებისთვის გავაკეთებთ სპეციალურ მოდელს

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა კრედიტების დაგროვების არსებული სისტემა უქმდება. უქმდება მასწავლებლების თვითშეფასების ვალდებულებაც – თვითშეფასების კითხვარების შევსება ნებაყოფლობითი იქნება.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 18 იანვარს განაცხადა, რომ ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება, რათა სქემაში უკვე ჩართულ ადამიანებს მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ან შენარჩუნების პროცესში ხელი არ შეეშალოთ.

რეფორმის დეტალებზე ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ. შუკაკიძე განმარტავს, რომ განახლდება ამჟამად არსებული ორივე – მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა და შენარჩუნების სისტემა .

სტატუსის მოპოვება – დაწინაურება

როგორც შუკაკიძე ამბობს, სამინისტრო არ შეაფერხებს იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ახლა უკვე დაწყებული აქვთ სტატუსის მოპოვების პროცესი.

„შევეცდებით, … განაგრძონ მათ თავიანთი საქმიანობა, ხოლო მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისთვის მათ 31 დეკემბრამდე განახორციელონ პროფესიული განვითარება, ტრენინგებზე დასწრება, რომ მათ მოახერხონ პროფესიის შენარჩუნება“, – ამბობს იგი.

ასევე, უქმდება წლებთან დაკავშირებული დათქმა – აღარ იქნება საჭირო გარკვეული კრედიტების დაგროვება, რათა უფროსი მასწავლებელი გახდე. აქამდე პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად 19 კრედიტქულის დაგროვება იყო აუცილებელი, ახლა კი ეს მიდგომა იცვლება.

„მაგალითად, ვისაც დაგროვებული აქვს 17 კრედიტი და დარჩა 2 კრედიტი, მას რომ პროცესი გაუუქმო, არასამართლიანი იქნება. მას ეძლევა ვადა ივნისამდე, რომ დაასრულოს ეს პროცესი, დააგროვოს ქულები და გადავიდეს [შემდეგ საფეხურზე]. ვინც ამას ვერ აკეთებს, შეეძლება, სექტემბერში გავიდეს გამოცდაზე და დაწინაურდეს”, – ამბობს შუკაკიძე.

მისივე თქმით, ამ გამოცდების ფასილიტატორი იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრი, რადგან მას „სანდოობა აქვს ძალიან მაღალი და დეცენტრალიზაცია არ იქნება სამართლიანი, რადგან გამოცდილი ტესტების შემდგენი გვყავს“.

მისივე თქმით, შემდეგი, 2020 წლიდან ფიქრობენ, რომ „სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფმა შემოიტანოს რაღაც ტიპის აქტივობები, რათა გამოცდების რაღაც ტიპის ალტერნატივა გაჩნდეს”.

სტატუსის შენარჩუნება

რაც შეეხება სტატუსის შენარჩუნებას – “შენარჩუნებისთვის გავაკეთებთ სპეციალურ მოდელს, რომ ადამიანებს არ გაუჭირდეთ სტატუსის შენარჩუნება; იმიტომ, რომ ახლა, მაგალითად, სტატუსი აქვს შენარჩუნებული ადამიანს და აქვს 1-დან 4 კრედიტამდე. ზოგს 9, 7 და ვერც ავა 17 კრედიტამდე. ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ამ ადამიანმა დაკარგოს სტატუსი. ჩვენ ვეცდებით, რომ მათთვის გავაკეთოთ პროფესიული განვითარების ტრენინგები”, – გვიხსნის შუკაკიძე.

“ასე, მაგალითად: თუ გაქვთ 7 კრედიტი, გაივლით 3 პროფესიული განვითარების ტრენინგს, რომელსაც დაგიდგენთ სკოლა. მაგალითად, ბულინგში, კლასის მართვაში, რაშიც გჭირდებათ. არანაირი კრედიტი არ უნდა ამას. თუ ჩააბარებთ, თუ სატრენინგო ცენტრმა (ეს ჩვენ ვიქნებით თუ გარე პროვაიდერი) გითხრათ, რომ წარმატებით გადალახეთ, სრულიად საკმარისი იქნება, რათა შეინარჩუნოთ თქვენი სტატუსი”, – ამბობს იგი.

ისეთ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი და არანაირი კრედიტი არ აქვს შესანარჩუნებლად, შუკაკიძის თანახმად, სქემა ასეთია: „თქვენ სკოლა დაგიდგენთ საჭიროებას, რომ ოთხი პროფესიული გადამზადება გჭირდებათ. ჩვენ გეტყვით რაოდენობებს, მაგრამ რა საკითხებში, ეს სკოლამ და მასწავლებელმა უნდა მოილაპარაკონ, მაგალითად”.

უფროსი მასწავლებლის სტატუსიდან მენტორობამდე

ამჟამად მასწავლებლის ოთხი სტატუსია განსაზღვრული – პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებელი და მენტორი. თუკი უფროსი მასწავლებელი იყავით,  მენტორის სტატუსის მოპოვებამდე, ჯერ წამყვანი მასწავლებელიც უნდა გამხდარიყავით. თუმცა ამ კარიერული გზის გავლა აღარ იქნება აუცილებელი.

„ყველა გამოცდა იქნება კონკრეტული საფეხურისთვის. თქვენ რომ გამოცდას აბარებთ, მენტორი ხომ არ ხდებოდით? ამიტომ ეს გამოცდა იქნება უფროსი მასწავლებლისთვის. უფროსი მასწავლებელი თუ ხართ, გინდათ მენტორი გახდეთ და არა წამყვანი, გინდათ, რომ გადაახტეთ საფეხურს, რადგან თვლით, რომ ძალიან მაგარი პედაგოგი ხართ, ჩააბარებთ მენტორის გამოცდას”.


განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სქემა არ იძლევა შედეგს – მოსწავლის განვითარებას, რისი გარანტორიც მასწავლებელია. “ის [სქემა] დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება მეტი შემოქმედებითობისთვის”, – თქვა ბატიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი