საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა და ერთადერთი თავდაცვა არის ვაქცინაცია – სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, უკვე დღეს საღამოდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია იქნება უფასო. როგორც მინისტრი ამბობს, ერთადერთი თავდაცვა წითელასგან სწორედ ვაქცინაციაა.

“ის მდგომარეობა, რაც გვაქვს დღეს წითელასთან დაკავშირებით, უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება, რომელსაც აქვს თავისი რეაგირების გეგმები, თუმცა მედიისა და საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარმატების მიღწევა იქნება რთული. დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 შემთხვევა არის დაფიქსირებული და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით. განსხვავებით გრიპის სტატისტიკისა, ეს მაჩვენებელი უკვე საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია – ეს არის ეპიდაფეთქება”, – თქვა სერგეენკომ დღეს, 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის განმარტებით, ყველაზე პრობლემურია 20-დან 40 წლამდე ადამიანთა ასაკობრივი ჯგუფი:

“მათ 1990-იან წლებში უნდა გაეკეთებინათ გეგმური ვაქცინაცია, თუმცა, დიდწილად, ეს არ ხერხდებოდა. 2008 წლისთვის ეს იყო 1 მილიონი ადამიანი. იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, მეორე ნაწილის – ვეღარ. ამაში ნეგატიური წვლილი გარკვეულმა მედიასაშუალებებმაც შეიტანეს”.

სერგეენკომ ყველა მედიასაშუალებას მოუწოდა დახმარებისკენ. მისივე განმარტებით, საქართველოში 200 ათასი ადამიანია წითელას იმუნიტეტის გარეშე, მათი ძირითადი ნაწილი საშუალო ასაკისაა, რა შემთხვევაშიც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.

როგორც სერგეენკომ განმარტა, მსგავსი ეპიდაფეთქებები ევროპაშიც ხდება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც საქართველოში, რადგან “იქ 1990-იანი წლების ფაქტორი არ არსებობს”.

“თუ 20-40 წლის ადამიანს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჩაიტარა გეგმური აცრა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, ან ანკეტა არ აქვს შენახული, მაინც უნდა გაიკეთოს. ზედმეტი ვაქცინაცია მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, მაგრამ გარანტირებულად იქნება დაცული წითელასგან. ბავშვთა ასაკში წითელას ვაქცინა უნდა გაკეთდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წლის ზემოთ იმ შემთხვევაში, თუ შეხება ჰქონდა წითელათი დაავადებულთან.”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ როგორც ბრიფინგზე თქვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალების ვაქცინაცია, რომლებიც უალხოეს მომაავლში აპირებენ შვილის გაჩენას. გამყრელიძის თქმით, ახალშობილებს დედის სხეულიდან გადაჰყვებათ წითელას ანტისხეულები, რაც მათ 8-9 თვის ასაკამდე იცავს დააავდებისგან. დედის სხეულში კი ანტისხეულები გამომუშავდება ან ვაქცინაციით, ან ვირუსის გადატანის შედეგად. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ჩვილებში წითელას შემთხვევების მიზეზი სწორედ “არაიმუნური დედებია”. ორსულებისთვის წითელას აცრა არ შეიძლება.

“ხშირად ამბობენ, წითელა, ბატონები და ა.შ. გადავიტან და რა მოხდა. ასე არ ხდება. სამწუხაროდ, წითელა 25-30%-ში რთულდება და იწვევს ანთებას, სიყრუეს, ენცეფალიტს. შარშან გარდაცვალების 3 შემთხვევა გვქონდა. წითელას შევაჩერებთ მხოლოდ ვაქცინაციით”, – თქვა გამყრელიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.