ბაქრაძე ამბობს, რომ გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია:
“მოსახლეობის 65% არ მივიდა არჩევნებზე და ამით მკაფიოდ გამოაცხადა, რომ მათ არ მოსწონთ ის, თუ რა კეთდება და როგორ ვითარდება დღეს საქართველო. მეორე ტენდეცია არის წინასაარჩევნო გარემო, რომელიც დაზიანებული იყო მთელი რიგი ნაბიჯებით ხელისუფლების მხრიდან, როგორიცაა გიგი უგუალვს დაპატიმრება, ან ის, რომ ჩვენი რამდენიმე კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას ციხიდან აწარმოებდა, ან კანდიდატები, რომლებიც იძულებული გახადეს თავიანთი კანდიდატურები მოეხსნათ. ამ ყველაფერმა ძალიან დაჩრდილა წინასაარჩევნო პერიოდი. თუ შევადარებთ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სამწუხაროდ, მოგვიწევს თქმა, რომ ადგილობრივი არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯია საპრეზიდენტოსთან შედარებით. ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილიყო და არა უკან, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.”
ბაქრაძე ამტკიცებს, რომ პარტიის ოფისში ბევრი ვიდეომასალა იყრის თავს, რომელიც დღევანდელ დარღვევებს, მათ შორის ე.წ. კარუსელს ასახავს:
“საუბარია კარუსელის რამდენიმე შემთხვევაზე, საუბარია სხვა ძალიან სერიოზულ დარღვევებზე. ეს ვიდეოები დახარისხდება და მიეწოდება საარჩევნო კომისიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენს აუდიტორიას. ამ მასალების დახარისხების და ხმების დათვლის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევაჯამოთ არჩევნები.”
