ნეტგაზეთი | აფეთქების შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 2 პაციენტი უკვე გაწერეს აფეთქების შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 2 პაციენტი უკვე გაწერეს – Netgazeti

აფეთქების შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 2 პაციენტი უკვე გაწერეს

დიდ დიღომში აფეთქების შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული 2 პაციენტი უკვე გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთს კლინიკაში უდასტურებენ.

მათივე თქმით, გარდა აღნიშნული ორი პაციენტისა, დილით კლინიკაში ორსული ქალი მივიდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ქალი იმ სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც აფეთქება მოხდა, თუმცა მას არ აღენიშნება დაშავების არც გარეგნული მახასიათებლები და არც ორგანული ცვლილება. კლინიკაში ვვარაუდობენ, რომ ქალის მომართვიანობა ემოციურ ფონს უკავშირდება. მათივე თქმით, ქალი საავადმყოფოში დაკვირვებისთვის მაინც დატოვეს.

რაც შეეხება დაზარალებულ ბავშვებს, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკაში კვლავ რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. ნეტგაზეთს საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში სულ 6 ბავშვი იმყოფებოდა, მათგან ხუთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს

აფეთქება დიდ დიღომში 16 იანვრის საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 8 პირმა, რომელთაგან 6 ბავშვია. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

დაზარალებულთათვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 37 45 31

საცხოვრებელი კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან