ახალი ამბები

“ნახავთ, რაც მოგივათ” – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები არჩევნებზე

12 ივლისი, 2014 • • 1021
“ნახავთ, რაც მოგივათ” – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები არჩევნებზე

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით,  ისნის #20 უბანზე დაახლოებით დღის 12 საათზე საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა იოსებ ხიმშიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს. დამკვირვებლის ინფორმაციით,  ხიმშიაშვილი საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის სხვა წევრებს დაემუქრა და განუცხადა, რომ „ნახავდნენ, რაც მოუვიდოდათ, არჩევნები რომ დამთავრდებოდა. 

 

საიას ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა  კრწანისში, #209-ე ბაგა-ბაღის ეზოში,  სადაც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საარჩევნო ბლოკის „ქართულის ოცნების“ კოორდინატორებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

“ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულია სამი საარჩევნო უბანი: #24, #25 და #26 უბნები. როგორც საიას დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კოორდინატორებმა განუცხადეს, კონფლიქტი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა წამოიწყეს, როდესაც მათ ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. მათივე განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკებისას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები  მათ ეუბნებოდნენ, რომ „მათმა მატარებელმა ჩაიარა და მარტო იმიტომ იყვნენ დამნაშავეები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდნენ ხმას.“  „ქართული ოცნების“  კოორდინატორის განმარტებით კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აგიტაციას ეწეოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა”. – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ხონის #1 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები გადაადგილდებოდნენ სიებით, უკავშირდებოდნენ ამომრჩევლებს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდებდნენ. ისინი ამომრჩეველს ტრანსპორტირებით უზრუნველყოფასაც სთავაზობდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მათ ფოტო გადაუღეს, რასაც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის სტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

 

ვერბალური დაპირისპირების გარდა, საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, ნაძალადევის ოლქის მე-8, მე-9 და მე-10 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-7 საჯარო სკოლის ეზოში,  „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ,  ადგილზე გამოძახეს პატრული, რომელმაც სიტუაცია განმუხტა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი