ახალი ამბები

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავის #79 საარჩევნო უბანზე

12 ივლისი, 2014 • • 1100
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რუსთავის #79 საარჩევნო უბანზე

ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ნათია ნათაძე აცხადებს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნეს, რომ უბნის გარეთ შეკრებულ მოქალაქეებს უცხო პირები კამერით იღებდნენ.

 

“ამ ტერიტორიაზე ვტრიალებდი, მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და უფლება მაქვს, სადაც მინდა გადავაადგილდე. მანქანით მოვიდნენ ჩემთვის უცნობი ადამიანები და დაიწყეს ჩვენი გადაღება. რომ ვკითხე, რატომ იღებდნენ კამერით, მითხრეს, რომ არიან არასამთავრობოები და აქვთ უფლება გადაიღონ,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ნათია ნათაძემ. მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

“თავისუფალი ზონის” ჟურნალისტი რუსუდან მჭედლიძე აცხადებს, რომ უბნის გარეთ მყოფ მოქალაქეებს განუცხადა, რომ იყო ჟურნალისტი, შესაბამისი ბეიჯიც ეკეთა და ჰქონდა გადაღების უფლება:

 

“მინდოდა დამეფიქსირებინა ის დარღვევები, რაც იქ ხდებოდა, კოორდინატორები აგიტაციას ატარებდნენ ამომრჩეველთან. როცა ამ ფაქტებს ვაფიქსირებდი, “ქართული ოცნების” ზონდერ-ბრიგადა მოვიდა, მართმევდნენ კამერას და მემუქრებოდნენ, რომ დამიმტვრევდნენ, თუ არ დავტოვებდი ტერიტორიას”.

 

შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლა გახდა საჭირო, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, “თავისუფალი ზონის” ჟურნალისტი კამერით იღებდა უბანთან თავმოყრილ “ოცნების” აქტივისტებს, რისი უფლებაც ჟურნალისტს კანონით აქვს:

 

“მე მინდა ავუხსნა ყველას, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება უბნის წინ მიმდინარე მოვლენები გადაიღოს, ეს მისი მოვალეობაცაა. სწორედ ამის გამო დაიწყო ჩხუბი, იძალადეს “თავისუფალი ზონის” ჟურნალისტზე, სცადეს კამერის დამტვრევაც და ხელები ამოუტრიალეს”, – განაცხადა ნადირაშვილმა.

 

მისივე თქმით, ადგილზე მისულ პატრულისა და სუს-ის წარმომადგენლებს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები წესრიგის დასაცავად:

 

“ჩემი იქ ყოფნის მომენტში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სუს-ის თანამშრომლები მოვიდნენ, ძალიან მაღალი ჩინის წარმომადგენლები. იმის ნაცვლად, რომ მათ დაეცვათ წესრიგი, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა, პირიქით – ცდილობდნენ კონფლიქტის წახალისებასა და ესკალაციას”.

 

ნადირაშვილი მოუწოდებს შს მინისტრს, დაიცვას წესრიგი და უზრუნველყოფას ადამიანებისთვის ხმის თავისუფლად მიცემის უფლება.

 

უბანზე იმყოფებოდა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, თუმცა მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამ ფაქტს საარჩევნო პროცესისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი