ახალი ამბებიკომენტარი

რატომ არის საშიში ცილისწამების კანონით რეგულირება – ანა ნაცვლიშვილი

16 იანვარი, 2019 •
რატომ არის საშიში ცილისწამების კანონით რეგულირება – ანა ნაცვლიშვილი

ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გახმიანდა განცხადებები ცილისწამების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების შესახებ. ისინი ყურადღებას ძირითადად ამახვილებენ სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სივრცეში გახმიანებულ ყალბ ინფორმაციასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რამდენჯერმე კი სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ახსენეს.

საჭიროა თუ არა ადამიანების პატივისა და ღირსების დაცვა არსებულზე მეტად და რა ნეგატიური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს საკანონმდებლო ცვლილებებმა ამ კუთხით? არის თუ არა სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება აუცილებლად სასარგებლო არგუმენტი ინიციატივის განსამტკიცებლად? მართლზომიერია თუ არა ცვლილებების ლეგიტიმაციისათვის ყალბ ამბებთან ბრძოლის არგუმენტი? “ნეტგაზეთი” გთავაზობთ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარისა და ყოფილი საპრეზიდენტო მდივნის , ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებას.

ღირსებას იცავენ ადამიანები, რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ ადამიანის უფლებათა კუთხით აქტიურობით

ნებისმიერ საკითხზე შეიძლება ადამიანებმა საკუთარი აზრი დააფიქსირონ. მათ შორის, პერიოდულად დადგეს საკითხი, ხომ არ არის რაიმე კანონმდებლობა გადასახედი. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და საკანონმდებლო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.

მაგრამ უშუალოდ ამ ინიციატივას რაც შეეხება, ის ნამდვილად ვერ იქნება წარმოდგენილი, როგორც ჩვეულებრივი პროცესის ნაწილი, იმიტომ, რომ კონტექსტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ არ ჩავთვლით 2012-13 წლებსა და 2014-ის პირველ ნახევარში განხორციელებულ გარკვეულ პოზიტიურ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან მოდიოდა, ალბათ, ვერ გავიხსენებთ, როდის იყვნენ სახელისუფლებო წრეებში მყოფი ეს ადამიანები  ადამიანის უფლებების პროაქტიულად დამცველები.

რამდენიმე მაგალითი მოვიტანოთ: 2014 წელს, როცა ფემიციდის ძალიან დიდი ტალღა იყო, გახსოვთ, რამდენი აქტიურობა და მუშაობა დასჭირდათ სამოქალაქო აქტივისტებსა და ქალთა უფლებადამცველებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გააქტიურებულიყო პრაქტიკაში ქალების დაცვა და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ახლახან შევიდა. ანუ, ხელისუფლება არ იყო აქ ინიციატორი, მან უპასუხა სამოქალაქო საზოგადოებას, თუმცა, დიდი დროისა და რესურსის დახარჯვის შემდეგ.

მეორე მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ადამიანები პირდაპირ სამუშაო ადგილებზე იხოცებოდნენ და ძალიან დიდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების შემდეგ, როგორც იქნა, დათანხმდა ხელისუფლება, რომ შეექმნა შრომის ინსპექცია, ისიც, სუსტ ფარგლებში, განსაკუთრებით, თავიდან.

შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, არ ახასიათებთ პროაქტიულობა მოქალაქეთა დასაცავად. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ამოვარდნილია საერთო მიმართებიდან, რომელიც მათ აქამდე ახასიათებდათ. უცებ რატომღაც მოინდომეს, რომ ადამიანის ღირსება დაიცვან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

არსებული კანონით, ადამიანის პატივი და ღირსება დაუცველი არ არის

არასწორია საკითხის ასე დასმა, რომ თითქოს ორი უფლება ერთმანეთს ისე უპირისპირდება, რომ გადაულახავი კონფლიქტია მათ შორის და საჭიროებს კანონმდებლობის გადახედვას. ზოგჯერ ისე ხატავენ ვითარებას, რომ თითქოს დღევანდელ მოცემულობაში ადამიანის პატივი და ღირსება სრულიად დაუცველია. ეს ასე არ არის.

დღესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იდავოს სასამართლოს გზით, თუკი მის შესახებ ვინმე განზრახ გაავრცელებს არსებითად არასწორ ინფორმაციას. ამიტომ დაცულობის ხარისხი, რაც აქვს პატივსა და ღირსებას, ვფიქრობ, არის საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი. არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რაიმე გარანტიების დამატება არის საჭირო. რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა ამ ეტაპზე, ბალანსი არის საკმაოდ კარგი.

რა თქმა უნდა, ადამიანის ღირსება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება და მას ჩვენი კანონმდებლობა დღეს იცავს, ხაზგასმით აღვნიშნავ. ასევე, თვითონ ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ მას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამოხატოს. სწორედ ადამიანის ღირსების დამაკნინებელია, თუ ის იცხოვრებს გარემოში, სადაც არ შეეძლება, გაახმიანოს თავისი განსხვავებული მოსაზრება.

საქართველოს ტიპის ქვეყანაში ამ ტიპის ცვლილების შემოტანა მეტად საშიშია, ვიდრე სხვაგან

ამ ტიპის დისკურსები, სამწუხაროდ, აქტიურდება განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც თემაზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკა იმატებს. ყველაფერი ეს აშკარად ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ აქ პატივისა და ღირსების დაცვა არის, უბრალოდ, საბაბი და საზოგადოების გულის მოგების მცდელობა. სინამდვილეში, კონტექსტი და ბევრი სხვა რამ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულის მიზანი იქნება, გააჩუმონ კრიტიკულად მოაზროვნე და მოსაუბრე ადამიანები…

ვფიქრობ, ამ ეტაპზე კიდევ უფრო საშიში იქნება ამ ტიპის ცვლილების შემოტანა საქართველოს ტიპის ქვეყანაში, ვიდრე ჩამოყალიბებული, განმტკიცებული ტიპის ქვეყანაში. როცა გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული მმართველობის ხანგრძლივი ტრადიცია და როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სიტყვის თავისუფლებას – ბევრად დიდი, ვიდრე განმტკიცებული დემოკრატიის ქვეყნებში…

მეზობელი ქვეყნების მაგალითებიც აჩვენებს, რომ ასეთი ტიპის ცვლილებები, როდესაც ბალანსი გადაიხრება ხოლმე ვითომ ღირსების დაცვის მიმართულებით, სინამდვილეში, ღირსებას კი არ იცავენ ასეთი კანონმდებლობით, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს აჩუმებენ ხოლმე. ასე რომ, განსაკუთრებით არასწორად და საშიშად მიმაჩნია ამ კონტექსტში ამაზე საუბარი.

არის ძალიან ცნობილი ფრაზა, რომელიც სასამართლოს აქვს ნათქვამი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, რომ მათ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. მეც მქონია ხელისუფლების ერთ-ერთ რგოლში მუშაობის გამოცდილება, ვთვლი, რომ საჯარო პირი ვარ და არაერთგზის ვყოფილვარ კრიტიკის კი არა, გინების, არასასიამოვნო შეტევების ობიექტი. თავადაც გამომიცდია, რომ არაა ეს სასიამოვნო, მაგრამ ამის შეზღუდვა ძალიან საშიშია იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ვემსახუროთ.

მოსალოდნელი თვითცენზურა

რა ხდება, როცა ასეთი ტიპის კანონმდებლობა მოქმედებს: ადამიანების ერთი ნაწილი, შეიძლება, პირდაპირ მოყვეს [ამ ცვლილებებში], გასამართლდეს ან რაღაც სანქცია დაეკისროს… მაგრამ ერთი დაჯარიმებული ჟურნალისტის ან სხვა პერსონის უკან უნდა ვიგულისხმოთ 10 სხვა ადამიანი, რომელიც იქამდეც არ მიიყვანს საქმეს, რომ რაღაც თქვას და თავი გაიხადოს სასამართლოს განსჯადი. ამას ჰქვია გამყინავი ეფექტი. ადამიანები უკვე ორჯერ და სამჯერ დაფიქრდებიან, თქვან თუ არა ის, რასაც იტყოდნენ მაშინ, როცა ასეთი კანონმდებლობა არ იქნებოდა. ესაა ყველაზე მძიმე ამბავი, პრევენციული ეფექტი აქვს და ადამიანები შიშისა და თავის აუტკივებლობიდან გამომდინარე, ნაკლებად კრიტიკული ხდებიან თანდათან.

არის თუ არა სხვა ქვეყნების გამოცდილება აუცილებლად რელევანტური არგუმენტი?

ამას ცოტა მეტი კვლევა სჭირდება, მაგრამ მე რა შეხებაც მქონია ამ საკითხებთან, ხშირად ხდება, რომ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობებში რაღაც წერია, თუმცა პრაქტიკა განვითარდა ისე, რომ ეს კანონი აღარ გამოიყენება, დროთა განმავლობაში მოძველდა, ფორმა და სტანდარტი წინ წავიდა.

კონტექსტი ყოველთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრმად რომელიმე ქვეყნის მაგალითის მოხმობა. მე შემიძლია გითხრათ, საერთაშორისო სტანდარტი რას ამბობს, რას ამბობენ ექსპერტები გაეროდან, ევროსაბჭოდან… ის, რასაც ამბობენ ისინი, ეს არის ყოველთვის ყველაზე უფრო მოწინავე სტანდარტი. რა თქმა უნდა, სახელმწიფოებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობა, მაგრამ თუ ჩვენ სწორება გვინდა ავიღოთ ვინმეზე, ეს სწორება უნდა ავიღოთ საუკეთესო სტანდარტზე.

სტანდარტების ბრმად გადმოღებას კიდევ იმიტომ არ ვემხრობი, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი როგორც სოციო-კულტურული და პოლიტიკური კონტექსტი, ისე მექანიზმები. არასწორია,  შევედაროთ იმ ქვეყნებს, სადაც სასამართლო სისტემა გამართულად მუშაობს, სადაც ხელისუფლებებში არაა იმ დონის პრობლემები, რომ აუცილებელია ყოველდღიურ რეჟიმში მათი ძალიან მკაცრი კონტროლი საზოგადოების მხრიდან, სადაც სულ სხვა კულტურა და დინამიკაა მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში.

ჩვენთან ვხედავთ, რომ უამრავ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები არათუ არაეფექტურად მოქმედებენ, ზოგჯერ დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს მათი ქმედებები. მაშინ ამ მიმართულებით გამოვასწოროთ ჯერ მდგომარეობა და შევედაროთ საფრანგეთს, ბელგიას თუ აშშ-ს და მერე შევცვალოთ ეს ამბავი.

რაც შეეხება[პრეზიდენტის მიერ ნახსენებ] ბოლო კანონს, რომელიც საფრანგეთში მიიღეს: მასაც ძალიან სერიოზული დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა უძღოდა წინ და გარკვეული ცვლილებებიც განიცადა, რათა დემოკრატიის პრინციპი არ დარღვეულიყო.

ცილისწამების კანონი, როგორც ყალბ ამბებთან ბრძოლის საშუალება – რას აკეთებს ხელისუფლება ახლა?

Fake News (ყალბი ამბები) ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელზეც მსოფლიოშიც მიმდინარეობს მსჯელობა და, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყურადღებით მივადევნოთ თვალი, იგივე გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს და რა შედეგს გამოიღებს ეს. ეს ახალი ფენომენია და მეტი კვლევა და კოორდინაცია სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებასთან.

იმასაც ვიტყოდი, რომ არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა კონრეტული ადამიანების დაბომბვა და მათზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება ხდება ყალბი ანგარიშებიდან. წინასაარჩევნო პერიოდში იმატებს ხოლმე ეს. თუ სახელმწიფოს უნდა, იყოს თანმიმდევრული და გულწრფელი თავის ამ წუხილში, მაშინ, პირველ რიგში, არსებულ მოცემულობაში უნდა მოხდეს ამ ტიპის პრობლემის კარგი ანალიზი და მათზე გარკვეული რეაგირება იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც დღეს არის.

ეს გვერდები, როგორც წესი, დასპონსორებულია. ეს გამოძიებადი არის, განსაკუთრებით, საარჩევნო კონტექსტში. მაგალითად,  თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალა არ ასახავს, რომ ფულს უხდის რომელიმე გვერდს, მაშინ არ ახდენს საკუთარი ხარჯების დეკლარირებას, რაც დარღვევაა. ზოგიერთი გვერდიდან ძალადობის მუქარაც ჟღერდება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში ვებრძვით იმ პრობლემას, რომელიც ხელისგულზე დაიდო და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა, არა?!

მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ამა თუ იმ პოლიტიკასა თუ მოქმედებებს გააკრიტიკებენ, ხშირად  ხდებიან თავდასხმის ობიექტები. გამომდინარე იქიდან, რომ ამაზე არ ხდება სამართალდამცავთა მიერ რეაგირება, აღძრავს ეჭვს, რომ ამგვარი მოქმედებების უკან რომელიმე სახელისუფლებო რგოლიც დგას.

თუ უნდათ ამ პრობლემასთან ბრძოლა, დაიწყონ. თანმიმდევრულობისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ აქედან დაეწყოთ და ამით ეჩვენებინათ თავიანთი დამოკიდებულება ყალბ ამბებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი