ახალი ამბები

რას ფიქრობენ NGO სექტორში ცილისწამების საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციებზე

15 იანვარი, 2019 • 1830
რას ფიქრობენ NGO სექტორში ცილისწამების საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციებზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა 14 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო სექტორთან იმ კანონმდებლობის შესამუშავებლად კონსულტაციას გამართავს, რომელიც ცილისწამებას დაარეგულირებს.

თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ამაში გამოხატვის თავისუფლების დარღვევის საფრთხეს ხედავს და ამბობს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს სამუშაო ჯგუფში, თუ ის “ცილისწამების რეგულირებას” შეეხება.

14 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტულად არ წერია, რა სახის დოკუმენტზეა საუბარი, თუმცა პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი დასძენს, რომ აღნიშნულმა შესაძლოა ე.წ. “ფეიკნიუსებიც” მოიცვას.

“საქართველოს პრეზიდენტმა ყველა გამოსვლაში არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და აუცილებელია, რომ ის უპირობოდ იყოს დაცული, მაგრამ, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული იყოს შეურაცხყოფისგან. თითოეულს  უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ სახელმწიფო მას იცავს. სწორედ ეს პროცესი იქნება პირველი ნაბიჯი იქითკენ, რომ საზოგადოებაში დაიწყოს საზოგადოებრივი სიმშვიდის ფორმირება“, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ახალგაზრდა იურისტთა აცოიაციას, “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასა” და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რათა გაეგო, თუ რას ფიქრობენ ისინი სალომე ზურაბიშვილის ამ ინიციატივაზე.

“დღეს არსებული რეგულაციები, რომელიც დაკავშირებულია ცილისწამებასთან, აბსოლუტურად სწორია. იმ კანონმდებლობაში, რომელიც დღეს მოქმედებს, არის სრული ბალანსი, ერთი მხრივ, ადამიანის პატივსა და ღირსების დაცვასა და, მეორე მხრივ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას შორის.  ნებისმიერი შეხება ამ ბალანსთან იქნება ავტომატურად გამოხატვის თავისუფლების გაუარესება,”- ამბობს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გეგმავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუმცა საქმე შესაძლოა საკანონმდებლო წინადადებას ეხებოდეს.

“რაც შეეხება პროცესში მონაწილეობას, ჯერჯეროით არავინ შეგვხმიანებია, თუმცა, არავითარ პროცესში მონაწილეობას, რომელიც მსგავსი რეგულაციების შექმნას ეხება, ჩვენ არ ვგეგმავთ. მაშინაც კი, როდესაც საუბარი არის საარჩევნო სუბიექტებზე, საარჩევნო რეგულაციებზე, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ყალბი ინფორმაციების გავრცელებას, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესეც საქართველოსნაირ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლების მიერ ამ ფუნდამენტური უფლების უგულებელყოფის დიდი გამოცდილება აქვს, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის წინაპირობა იქნება,” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

მისივე თქმით, თუ ეს “უაზრო იდეები იქცევა საკანონმდებლო ინიციატივად ან წინადადებად”, არასამთავრობო სექტორს მწვავე პროტესტი ექნება და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რათა მსგავსი რეგულირებები საქართველოს კანონმდებლობაში არ შევიდეს.

იმის შესახებ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა დამატებით რეგულირებებს არ საჭიროებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძეც საუბრობს. მისი თქმით, საიამ, მედიაკოალიციის სახელით, რომლის წევრი ორგანიზაციაა, ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა, რათა აღნიშნულ საკითხზე შეხვდრა გამართოს. როგორც სალაძე განმარტავს, აუცილებელია, რომ როგორც მათ, ასევე საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, რას ეხება აღნიშნული საკითხი.

“ნებისმიერი ცვლილების განხილვაში, რომელმაც შეიძლება გააუარესოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საია მონაწილეობას არ მიიღებს. ამ ეტაპზე შეხვედრის არსებობის შემთხვევაში, თანხმობას დავადასტურებთ იმიტომ, რომ გვაინტერესებს, რას აპირებენ და რა მოიზარება კონკრეტულად,” – ამბობს სულხან სალაძე. 

ნეტგაზეთთან საუბარში სულხან სალაძე ხაზს უსვამს, რომ არც პრეზიდენტი და არც პარლამენტის თავმდჯომარე ცილისწამებაზე საუბრისას ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან, საზოგადოებისთვის კი პირიქით, საჭიროა, რომ უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი.

“რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ის ცვლილებები, რომელიც 2003 წლის შემდეგ დაიწყო და რომელიც გვაქვს დღეს სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა, მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, რომელსაც სასამართლოს პრობლემა აქვს.

ჯერჯერობით ძალიან რთულია რაიმეს თქმა, თუმცა, ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა დღეს არსებული სტანდარტი გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესოს,” – განმარტავს სულხან სალაძე.

სულხან სალაძე ასევე დასძენს, რომ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც არ შეეხო სასამართლო სისტემას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა.

სალაძის თქმით, გარკვეულ კითხვის ნიშანს ბადებს, რატომ გახდა პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების “ამოწევა” და არა სხვა რომელიმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი.

“ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ შევხვდეთ პრეზიდენტს, უპირველეს ყოვლისა [გვსურს] გავიგოთ, თუ რას აპირებენ და რა გეგმები აქვთ ამ მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს. ამიტომაც პირველ ეტაპზე ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მას, თუ  ამის სურვილი ექნება, და მოვისმენთ დეტალებს”, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნატა ძველიშვილი.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფში ჩართვას, ძველიშვილის თქმით, ეს არის შემდგომი დეტალი და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინაპირობები, ფუნქცია და როლი ექნება სამუშაო ჯგუფს.

“თუკი ეს იქნება იმისთვის, რომ გაზიარებულ იქნას სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებები, მაშინ ცხადია, რომ მზად ვართ, ჩვენი წინადადებები, მოსაზრებები მივაწოდოთ. მაგრამ თუ ეს იქნება ფორმალური [შეხვედრა] და ჩატარდება მხოლოდ იმისთვის, რომ ნათქვამი იყოს, რომ აი, მსგავსი შეხვედრა შედგა და კონსულტაციები გაიმართა, მაშინ ასეთ ფორმალურ სამუშაო ჯუფში მონაწილეობას აზრი არ აქვს,” – აღნიშნავს ძველიშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკითხის დამატებითი რეგულირების არანაირი საჭიროება არ დგას, ვინაიდან ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არსებული მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.

ნატა ძველიშვილი დასძენს, რომ ძალიან უცნაურია, როდესაც სწორედ ცილისწამების საკითხით დაიწყო არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენელთა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის ახალი სამუშაო წელიც.

“და აღმოჩნდა, რომ აზრების გამოთქმის თვალსაზირისით, სალომე ზურაბიშვილს არცთუ ისე შეზღუდული უფლებები აქვს. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ყველა მტკივნეულ საკითხზე დაააფიქსირებს თავის მოსაზრებას. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, თუ რას ფიქრობს პრეზიდეტი,” – ამბობს ნატა ძველიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი