კახა კალაძე “მანქანის გაზიარების” სისტემის დანერგვას აანონსებს

კახა კალაძე მანქანის გაზიარების (ე.წ “ქარ შეარინგი”) დანერგვის შესახებ საუბრობს. მერის თქმით, უკვე შერჩეულია ერთი კომპანია, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით თბილისში ელექტრომანქანებს გააქირავებს. კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი ბევრ ევროპულ ქალაქში მოქმედებს. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ ელექტრომანქანის დაქირავებას მოქალაქეები “მისაღებ ფასად” შეძლებენ.

“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, რომელიც ქალაქში სხვადასხვა ადგილზე იქნება გაჩერებული. მათ შეეძლებათ ამ ავტომობილით მთელი დღის მანძილზე ან რამდენი ხანიც მოესურვებათ ისარგებლონ. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანი იყო და სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გვქონდა საუბარი. ერთი ბიზნესჯგუფი ამ პროექტით დაინტერესდა და ისინი უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას,”-ამბობს კალაძე.

პროექტის შესახებ თბილისის მერმა Facebook live-ის დროს ისაუბრა. კალაძის თქმით, ავტომობილის გაღება, დაქოქვა და შემდეგ გაჩერება აპლიკაციის მეშვეობით მოხდება. მერი განმარტავს, რომ პროექტის პირველ ეტაპზე სამი სახის ავტომობილს: ნისანს; სმარტსა და რენოს ჩამოიყვანენ. ავტომობილთა საერთო რაოდენობა პირველ ეტაპზე 300 იქნება.

ნეტგაზეთს მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ პროექტს კომპანია “აიქარი” განახორციელებს. “მერია არაფერს აფინანსებს, მხოლოდ მხარს უჭერს პროექტს, რადგან ელექტრომობილების შემოყვანა ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკოლოგიის თვალსაზრისით. დანარჩენს თავად კომპანია იტყვის, ახლო მომავალში აუცილებლად იქნება პრეზენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით,”-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.