ახალი ამბები

მაკედონიის პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელის შეცვლას

12 იანვარი, 2019 • 2007
მაკედონიის პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელის შეცვლას

11 იანვარს მაკედონიის პარლამენტის უმრავლესობამ — 120-დან 81-მა დეპუტატმა — მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელის შეცვლას.

პარლამენტში კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციონერმა ნაციონალისტებმა. ისინი პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას ღალატად მიიჩნევენ.

სახელმწიფოს მაკედონიის ნაცვლად, მომავალში უწოდებენ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას (მაკედონიურად ჟღერს როგორც Severna Makedonija).

საბერძნეთმა და მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელსაც იუგოსლავდიიდან გამოყოფის შემდეგ, 27 წელია, მაკედონია ჰქვია, სახელის შესახებ შეთანხმებას 2018 წლის ზაფხულში მიაღწიეს.

სახელთან დაკავშირებული დავა ათწლეულები გრძელდებოდა. საბერძნეთი მიიჩნევდა, რომ ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა მისი ჩრდილოეთ რეგიონის, მაკედონიის, სახელწოდება.

სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში.

ახლა საბერძნეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრებს, ალექსის ციპრასსა და ზორან ზაევს შორის. ამ ნაბიჯით ათენი მოხსნის ვეტოს მაკედონიის ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის წინააღმდეგ.


BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც 1991 წელს იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილმა სახელმწიფომ მაკედონია დაირქვა, ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ამით ისინი გარკვეულ ტერიტორიულ პრეტენზიას გამოთქვამდნენ საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონ მაკედონიაზე, სადაც მდებარეობს ქალაქი სალონიკი. გარდა ამისა, დავა ნაწილობრიკვ უკავშირდება ალქესანდრე დიდს, იგივე ალექსანდრე მაკედონელს, რომელიც იყო ცნობილი ბერძენი მმართველი. 1991 წელს წარმოქმნილმა სახელმწიფომ, მაკედონიის დარქმევის გარდა, დედაქალაქ სკოპიეს მთავარ საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე დიდის სახელი უწოდა.

საბერძნეთთან მოლაპარაკებების შემდეგ მაკედონიის ხელისუფლებამ სკოპიეს აეროპორტს სახელი შეუცვალა და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტი უწოდა, ალექსანდრე მაკედონელის გამზირს კი, უბრალოდ, მეგობრობის გამზირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი