ახალი ამბები

2018 წელს ყველაზე მეტი მგზავრი საქართველოში Wizz Air-მა გადაიყვანა

11 იანვარი, 2019 • 2543
2018 წელს ყველაზე მეტი მგზავრი საქართველოში Wizz Air-მა გადაიყვანა

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air 2018 წელს ქართული ავიაბაზრის ლიდერი გახდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, Wizz Air საქართველოში გასულ წელს 587 179 მგზავრს მოემსახურა და შესაბამისად, ბაზრის 12-პროცენტიანი წილი დაიკავა.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია Wizz Air – 587 179 მგზავრი (12 პროცენტი);
  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 559 749 მგზავრი (11 პროცენტი);
  • ავიაკომპანია Georgian Airways – 550 831 მგზავრი (11 პროცენტი) ;
  • ავიაკომპანია Ural Airlines – 294 000 მგზავრი (6 პროცენტი);
  • ავიაკომპანია Fly Dubai – 250 296 მგზავრი (5 პროცენტი).

2017 წელს ქართული ავიაბაზრის ლიდერი იყო Turkish Airlines, რომელიც 463 840 მგზავრს (ბაზრის 12 პროცენტი) მოემსახურა, მეორე ადგილზე იყო Georgian Airways 385 894 მგზავრით (ბაზრის 10 პროცენტი), ხოლო Wizz Air მესამე ადგილს იკავებდა 313 325 მგზავრით (ბაზრის 8 პროცენტი).

2018 წლის ტოპ 3 ავიაკომპანიის რიგითობის ცვლილება არ არის გამოწვეული რომელიმე მათგანის მომხმარებლების რაოდენობის კლებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ყველაზე დიდი ზრდა სწორედ უნგრულ Wizz Air-ს ჰქონდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრების ნაკადი 23.55 პროცენტით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20 პროცენტით არის გაზრდილი.

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37 პროცენტით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 20.83 პროცენტით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი 52.37 პროცენტით გაიზარდა. ამ აეროპორტით სულ ისარგებლა 617 373-მა მგზავრმა, რაც 212 200 მგზავრით მეტია 2017 წლის მონაცემზე;

როგორც სამოქალაქო ავიაციის საგენტო აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 3 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა მთლიანობაში იყო 24 536, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა- 21 519, ხოლო ჩარტერების- 3 017. 2017 წელსგანხორციელებულ რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.96%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი