ახალი ამბები

რას ემსახურება ბიზნესკომპანიების აქცია ამომრჩევლებისთვის

10 ივლისი, 2014 • • 1187
რას ემსახურება ბიზნესკომპანიების აქცია ამომრჩევლებისთვის

რამდენიმე კომპანია მოქალაქეებს 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ საკუთარ მომსახურებაზე ერთდღიან ფასდაკლებას სთავაზობს, მათ შორისაა გუდვილი, რომლის წარმომადგენელი ნატო დარჩიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ აქცია რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის მიზანს არ ემსახურება:

“ერთადერთი მოტივი აქვს ამ ყველაფერს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოვუწოდოთ და მეტი არაფერი. ჩვენ ერთი დღით ვაცხადებთ ფასდაკლებას და ვეუბნებით ხალხს, რომ ვინც გინდა ის აირჩიე,  მერე ისარგებლე ფასდაკლებით. ეს უბრალოდ [არჩევნებში მონაწილეობის] სტიმულისა და მოტივაციის [ამაღლებისთვის] კეთდება. ამას სხვა რაღაც ქვე-მიზნები არ აქვს”.

“ავერსის” წარმომადგენელი ლალი ბრეგვაძე კი აცხადებს, რომ კლიპი, რომელიც სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით უკვე ტრიალებს, სარეკლამო კომპანია ვინდფორსმა დაამზადა. მისი თქმით, ეს ბიზნესმენების იდეაა და ცესკოს ან ხელისუფლებას მასთან კავშირი არ აქვს:

 

“ეს არის ბიზნესმენების ერთიანი იდეა, რომ ხალხი მივიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა. ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ ხალხი მივიდეს არჩევნებზე”.

 

იგივე მოტივაციაზე საუბრობს მაკდონალდსის ხელმძღვანელი თემურ ჭყონია:

“ბიზნესმენებმა მთხოვეს, გავაერთიანდეთ, რომ ხალხი წავიდეს არჩევნებზეო. მოტივაცია მივცეთო. მეტი არაფერი. ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია… მე ამ ამბისთვის ისეთი დიდი მნიშვნელობა, რასაც ახლა თქვენ ანიჭებთ, არ მიმინიჭებია. ჩვეულებრივად მივიღე ეს ამბავი. აქ საუბარი არ არის, რომელიმე პარტიის მხარდაჭერაზე. მე ამას დიდ პოლიტიკურ და გრანდიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ”.

 

არც ერთი ზემოხსენებული პირი, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, არ ასახალებს კონკრეტულად რომელმა ბიზნესმენმა გაუკეთა ორგანიზება ზემოხსენებულ აქციას. გუდვილის, ავერსის და მაკდონალდსის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ.

 

“არ ვიცი. ჩემს თანაშემწეს დაურეკეს, რომელმაც მე გადმომირეკა და მითხრა. არც დავინტერესებულვარ თუ ვინ დაურეკა მას”, – ასე უპასუხა ჭყონიამ ნეტგაზეთის შეკითხვას კონკრეტულად ვინ დაურეკა მას ამ იდეის თაობაზე. ჭყონია მანამდე ამბობდა, რომ აქციაში მონაწილეობა მას სთხოვეს ბიზნესმენებმა.


კითხვას, რატომ არ დაინტერესდა ამ ინფორმაციით, ჭყონიამ უპასუხა, რომ ასეთ მნიშვნელოვან ამბად არჩათვალა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაინტერესდნენ კომპანიების ამომრჩეველთა აქტივობის ზრდით, ნეტგაზეთის რესპოდენტებმა განაცხადეს, რომ ეს დაკავშირებული იმ დაბალ აქტივობასთან, რომელიც 15 ივლისის არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირდა.

ამჟამად არსებული მოცემულით, ზემოხსენებულ აქციაში კანონდარღვევის ნიშნებს ვერ ხედავს საიას იურისტი ლელა ტალიური, რომელიც საარჩევნო საკითხზე მუშაობს, თუმცა მისივე თქმით, გასარკვევია რამდენიმე დეტალი:

“თუ ეს შეთავაზება კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ არ არის გაკეთებული, ჩვენ ვერ გავალთ ამომრჩევლის მოსყიდვის თემაზე. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ბიზნესინიციატივა, რომელიც არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის მიზანს ემსახურება, თუმცა რამდენად არის ეს ბიზნესის საქმე, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მათ უკან ხომ არ დგას კონკრეტული ინტერესები, ეს უკვე სხვა თემაა. მე მჭირდება მეტი ინფორმაცია იმისათვის, რომ კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ეს ინიციატივა ამ სახით თავისთავად დარღვევა არ არის. თუ აღმოჩნდება, რომ ამის უკან კონკრეტული ინტერესები დგას, ან ეს კომპანიები მთელი წლის განმავლობაში სწირავდნენ ფულს კონკრეტულ პარტიას და ასე შემდეგ… თუ ასეთი კავშირები არსებობს, მაშინ შეიძლება რაღაცაზე საუბარი, თორემ ახლა არანაირი ნორმა არ ირღვევა. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს და ვცდილობთ გადავამოწმოთ ის, რაც მანამდე გითხარით კავშირების შესახებ”, – უთხრა ნეტგაზეთს ლელა ტალიურმა.

 

“12 ივლისს არჩევნების დღეს ბიზნეს-კომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო”, – ამის შესახებ ნათქვამია სარეკლამო კლიპში, რომელიც ტელევიზიების ეთერით გადის.

“მიდი არჩევნებზე, გაიარე მარკირება და ხმა მიეცი სასურველ კანდიდატს. არჩევნების დღის ბოლომდე წარადგინე მარკირება შემდეგ სავაჭრო ქსელებში და ისარგებლე სპეციალური ფასდაკლებებით. 20%-იანი ფასდაკლება მაკდონალდსა და ვენდისში, 22%-პროცენტიანი ფასდაკლება ავერსში, პე-ეს-პესა და ჯი-პი-სიში, 15-პროცენტიანი ფასდაკლება გუდვილსა და სმარტში, 5-თეთრიანი ფასდაკლება გალფსა და ვისოლში. გამოხატე პოზიცია, მიდი არჩევნებზე. ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისთვის”, – ნათქვამია კლიპში.


ფასდაკლების აღნიშნულ აქციასთან ყოველგვარი კავშირი უარყო ცესკომ. საარჩევნო ადმინისტრაციის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ აქციის მოსამზადებელ არავითარ ღონისძიებებში ცესკო ჩართული არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი