ახალი ამბები

ცესკომ ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

9 ივლისი, 2014 • • 1058
ცესკომ ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

წერილში ცესკო ქორეპისკოპოსს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.

 

 

“გავაგზავნეთ წერილი ქორეპისკოპოსი იაკობის სახელზე, სადაც ეთხოვა მას, რომ 5 დღის განმავლობაში წარმოადგინოს წერილობითი მოსაზრება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების თაობაზე”, – აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი.

 

როგორც ეკა აზარაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, იმის მიუხედავად, უპასუხებს თუ არა ქორეპოსკოპოსი იაკობი მათ წერილს, ცესკო ამ საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე განმარტებით, წერილის გაგზავნა არ ნიშნავს იმას, რომ ცესკო ქორეპისკოპოსისგან ახსნა–განმარტებებს ითხოვს:

 

“ეს არის უბრალოდ შესაძლებლობა, რომ თუ აქვს მას სურვილი მოსაზრება წარმოადგინოს, და დაველოდებით პასუხს”

 

5 დღის გასვლის შემდეგ ცესკოს უკვე შეეძლება იმსჯელოს ქორეპისკოპოსის განცხადებებზე:

 

“შემდეგ უკვე ცესკომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით. ამ ეტაპზე შინაარსობრივი განხილვა, რომელიმე მუხლი არის დარღვეული თუ არა, არ მომხდარა. უბრალოდ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, განცხადებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით ცესკომ დაიწყო ადმინსიტრაციული წარმოება”, – აცხადებს ეკა აზარაშვილი. თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნული საკითხის განხილვა.

 

ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში 6 ივლისს იქადაგა, ქადაგებაში მან თბილისის მერის მოახლოვებულ არჩევნებზეც ისაუბრა და “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩია გვერდზე გადგნენ:

 

“იმ ადამიანებს, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აყარეს ერს, უარი უნდა ეთქვას”, – აღნიშნა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ქორეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი