ახალი ამბები

საქართველოს ანგლიკანური თემი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ულოცავს

8 იანვარი, 2019 • 2442
საქართველოს ანგლიკანური თემი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას ულოცავს

საქართველოს ანგლიკანური თემი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსის მიღებას ულოცავს.

ანკლიკანური თემი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სტამბოლის წმინდა გიორგის ტაძარში გამართული ტომოსის გადაცემის ცერემონია იყო ოცნების აღსრულება, რომელშიც აღსანიშნავია მათ შორის პატრიარქ ფილარეტის როლი.

როდესაც უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული პროცესები მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა (განსაკუთრებით ბოლო ორი თვე), თბილისის ანგლიკანური თემი ყოველი ღვთისმსახურების განმავლობაში აღავლენდა მცირე ლოცვას უკრაინელი ქრისტიანებისათვის. ამ ფორმით ჩვენ თქვენდამი თანადგომას გამოვხატავდით.  საქართველოს მცირე, მაგრამ რწმენით აღსავსე ანგლიკანური სამწყსო ულოცავს პირველ რიგში უკრაინის ეკლესიას, აგრეთვე მათ, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით ედგა უკრაინელ მორწმუნე ერს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი