“ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი ვიზიტი საქართველოში. ბატონო მარშალო, მე საშუალება მქონდა თქვენთან რამდენიმე შეხვედრის პოლონეთში და სხვაგან. მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩამოხვედით საქართველოში. განსაკუთრებით ამაღელვებელი და დადებითი ემოციებით იყო სავსე ჩვენი ბოლო შეხვედრა ვარშავაში, როდესაც პოლონელი ხალხი ზეიმობდა თავისუფლების 25 წელს და ამ ზეიმს შეუერთდა მთელი მსოფლიო. დარწმუნებული ვარ თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებულ თანამშრომლობას,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დაწყებისას.

ბოგდან ბორუსევიჩმა დეპუტატებს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი იყო:
“დასაწყისშივე მინდა დიდი სამძიმარი გამოგიცხადოთ ბატონი შევარდნაძის გარდაცვალების გამო. ის მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი გახლდათ როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე, საქართველოსთვის. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ჩვენ 11 ივლისს მივემგზავრებით და ვერ დავესწრებით დაკრძალვის ცერემონიას.”
პოლონური დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისში შეხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც საოკუპაციო ხაზს მონახულებენ ზემო ნიქოზსა და ერგნეთში.


