2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 9.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აქედან 4 756 820 ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 687 466-ით მეტია. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ეს მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სასტუმრო “რუმსში” გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
“რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში – 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის უნიკალური წარმატება და რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება. ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, საქართველომ ეს მაჩვენებელი უნდა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაზარდოს, რისთვისაც საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში და განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან და ეს მაჩვენებელი შარშანდელზე 20%-ით მეტია.
“ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა არამარტო ვიზიტორების, არამედ ტურისტების – ყველამ ვიცით, რომ ვიზიტორი არის ქვეყანაში ერთი დღით შემოსული ადამიანი, ხოლო ტურისტი არის ის ვიზიტორი, ვინც ჩვენს ქვეყანაში ერთ დღეზე მეტ ხანს რჩება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება არამხოლოდ ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა, არამედ იზრდება მათგან მიღებული შემოსავლებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ადამიანები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ საქართველოში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ ესტონეთი (+80%), სლოვაკეთი (+62%), რუმინეთი (+59%), ნიდერლანდები (+56%), გერმანია (+50%), ლატვია (+50%), ჩეხეთი (+44%), პოლონეთი (+37%), საფრანგეთი (+36%), გაერთიანებული სამეფო (+31%), იტალია (+30%) და სხვა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +112%, ჩინეთი +75%, ბელარუსი +43%, ისრაელი -36%, ქუვეითი +34%, ყაზახეთი +25% და აშშ +25%.