ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე დიდი საეკლესიო კრების ჩატარების საჭიროებას ხედავს

31 დეკემბერი, 2018 • 3919
მიტროპოლიტი პეტრე დიდი საეკლესიო კრების ჩატარების საჭიროებას ხედავს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე, დიდი საეკლესიო კრების მოწვევას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივა სასულიერო პირმა “რუსთავი2″–თან საუბრისას გაახმიანა.

მეუფე პეტრეს თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომები იმართება და სრულდება, თუმცა შეკითხვები – პასუხგაუცემელი, პრობლემები კი მოუგვარებელი რჩება.

“სინოდის სხდომები მთავრდება და პასუხგაუცემელი შეკითხვები რჩება. პრობლემებიც კი, არათუ აღმოფხვრილი და მოგვარებული, ზოგჯერ უფრო მეტად გაღრმავებულია. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს კრიზისულ მდგომარეობაზე. ვინაიდან სინოდის სხდომები არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებს და არ წყდება, მაშინ აუცილებლად უნდა იქნას ორგანიზებული დიდი საეკლესიო კრება”, – აცხადებს ის.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ეხმაურება ილია მეორის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებსაც და ღიმილის მომგვრელს უწოდებს სასულიერო პირის ნათქვამს, რომ მეუფე პეტრეს “გასაკეთებელს” გაუკეთებს.

მეუფე პეტრეს თქმით, ქორეპისკოპოსის შეფასებები მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს “არასახარბიელო” მდგომარეობას წარმოაჩენს.

“ღიმილის მომგვრელია, მუქარას რაც შეეხება… მუქარის ეშინია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში ღვთისა.

…განცხადებები, გუშინ მოსმენილი, ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რა არასახარბიელო, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი.

…მეუფემ ისაუბრა ძალიან არაადეკვატურად, როგორც სასულიერო, ისე საერო თვალსაზრისით”, – აცხადებს ის.

მიტროპოლიტ პეტრეს კრიტიკა ილია მეორის და ქორეპისკოპოსის გამოხმაურება

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ 28 დეკემბერს თქვა, რომ წინა დღით გამართულ სინოდის სხდომაზე დაიმსხვრა მითი ილია მეორის მწყემსიკეთილობის შესახებ.

მეუფე პეტრე აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც მამალაძის საქმეს სასამართლოს ყველა ინსტანცია განიხილავდა, სინოდს საქმის შემსწავლელი კომისია უნდა შეექმნა. თუმცა, ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, 27 დეკემბრის სხდომაზე დეკანოზის საკითხი სინოდის წევრებს საერთოდ არ განუხილავთ.

“ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს”, – აღნიშნა მან TV პირველთან საუბრისას.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის კრიტიკას ილია მეორისადმი მწვავე შეფასებები მოჰყვა პატრიარქის ქორეპოსკოპოს იაკობის მხრიდან.  TV პირველთან საუბრისას, სასულიერო პირმა განაცხადა, რომ მეუფე პეტრე ეკლესიაში ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა:

“მე შეიძლება პირადად რაღაც გავუკეთო[მეუფე პეტრეს]. ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს”.

ამავე ეთერში ქორეპისკოპოსმა სხვა განცხადებებიც გააკეთა, რომლებიც კონკრეტული პირების მიმართ იყო გამოთქმული. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მან “მოსკოვის კაცად” მოიხსენია და დასძინა, რომ დაწინაურების შემთხვევაში, მას “ჩამოაგდებენ”. ასევე, სასულიერო პირი დაემუქრა ერთ–ერთ ბიზნესმენს, რომელიც, მისი თქმით, ილია მეორეს გადადგომისაკენ მოუწოდებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი