საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტები უვადოდ დანიშნული მოსამართლის, ლევან მურუსიძის დემონიზებას ცდილობენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, მურისიძე “ფუნდამენტურად დამოუკიდებელი გახდა” და სწორედ აღნიშნულს უკავშირდება ოპონენტების პოლიტიკა მის მიმართ, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე “პოლიტიკურ შეტევას” უწოდებს.
“…რაც შეეხება მურუსიძეს: მოხდა მისი დემონიზაცია. ეს გაკეთდა, პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების მიერ. თქვენ გახსოვთ, 2013 წელს დაინიშნა მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, ისე, რომ არავის გაუგია ამის თაობაზე. ერთი წელი ისე გავიდა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც “ნაციონალურ მოძრაობას”, არც”რუსთავი2″–ს, არცერთს არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც კი პოლიტიკურმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ მურუსიძე გახდა დამოუკიდებელი თავისი არსით, მაშინვე დაიწყო პოლიტიკური შეტევა მის წინააღმდეგ”, – თქვა მან.
კობახიძის თქმით, ოპოზიციის ამოცანა კონკრეტული პერსონებისა და საქმეების გამოყენებაა “მთლიანად სისტემის დისკრედიტაციისთვის”.
იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საბჭოს 14 წევრიდან მურუსიძეს მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.
მას, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
მურუსიძე ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეც. მის საქმიანობაზე იხილეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება: